ირანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დისიდენტი ჟურნალისტის მიმართ სასიკვდილო განაჩენი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ირანელი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. ჟურნალისტი და აქტივისტი მსჯავრდებულია 2017 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პროვოცირებაში, რასაც იგი თავისი ონლაინ-საქმიანობით ახდენდა. რუჰილა ზამს სიკვდილით დასჯა ივნისში მიუსაჯა ირანის რევოლუციურმა სასამართლომ. ეს გადაწყვეტილება დაგმო ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, რომელმაც „უკიდურესად უსამართლო“ უწოდა ჟურნალისტის სასამართლო პროცესს. სასამართლომ ჟურნალიტი დამნაშავედ სცნო „მიწიერი კორუფციისათვის“, ირანის სისხლის-სამართლის კოდექსში ყველაზე უფრო გავრცელებული მუხლით, რომელიც ფიგურირებს ჯაშუშობისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის თითქმის ყველა საქმეში. ზამის საიტი AmadNews-ი, 2017 წელს მოსახლეობას ინტერნეტის საშუალებით აწვდიდა ცნობებს საპროტესტო აქციების გამართვის ადგილისა და დროს შესახებ. მას შემდეგ რუჰოლა ზამი პარიზში დევნილობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ვიდრე იგი არ ჩამოიტყუეს ირანში, სადაც ჟურნალისტი ერთობ გაურკვეველ ვითარებაში 2019 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30989890.html #ახალი_ამბები #twitter