გერმანიაში მხოლოდ Lufthansa იფრენს  – რა ღირს ბილეთი

Tbilisi Daily

აგვისტოს თვეში გერმანიაში რეგულარულად მხოლოდ ავიაკომპანია Lufthansa იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო მიუნხენი-თბილისის მიმართულებით – ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე უკვე დაიდო. ორმხრივი ბილეთის მინიმალური ფასი აგვისტოს პირველ ორ კვირაში 5 000 ლარს აჭარბებს, ხოლო, თუ უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგვისტოს მეორე ნახევარში იყიდით, ჯამში, ყველაზე ცოტა, 4000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მხოლოდ რამდენიმე თარიღია, როცა ყველაზე იაფი (ჩასაბარებელი ბარგის გარეშე) ორმხრივი ბილეთის შეძენა 2 500 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ. გერმანიას საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, თუმცა ფრენის უფლებას მხოლოდ მაღალბიუჯეტიან კომპანიას აძლევს, მაშინ როცა, Wizzair-ს და Ryanair-ს ამ დრომდე აქვთ ქუთაისი-დორტმუნდის და თბილისი-კიოლნის მიმართულებით იაფი ფრენები – მათ ჯერ არ გაუუქმებიათ აგვისტოში გაყიდული ან გასაყიდი ბილეთები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს “არ უღირთ” კვირაში “ერთი და ორი ფრენა”. მოსალოდნელია, რომ ასეთივე მაღალი ფასი იქნება თბილისი-პარიზი-თბილისის და თბილისი-რიგა-თბილისის ბილეთებზეც. მთავრობა ფრენის უფლებას და ისიც შეზღუდული რაოდენობით, ამ შემთხვევაში მხოლოდ Air France-ს და Air Baltic-ს აძლევს – კვირაში ორჯერ და ერთხელ. აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizzair-საც აქვს რიგასა და ვილნიუსში იაფი ფრენები და აგვისტოში ბილეთებს ისევ ყიდის, თუმცა, მისთვის მთავრობას ფრენის უფლება ამ შემთხვევაშიც არ მიუცია. როგორც მთავრობის 10 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ, საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებში შესრულდება. #Lufthansa #გერმანია #ფრენები #TbilisiDaily