ევროკავშირი ბელარუსს დამატებით სანქციებით ემუქრება უშიშროების ძალების მიერ მოქალაქის მოკვლის შემდეგ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ევროკავშირი დაემუქრა ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით და დაგმო ხელისუფლების მიერ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობა ბელარუსის 31 წლის მოქალაქის მოკვლის შემდეგ. როგორც იტყობინებიან, რამან ბანდარენკა სასტიკად ცემეს ნიღბიანმა პირებმა უშიშროების სამსახურიდან.
ევროკავშირი ფაქტს უწოდებს ბელარუსის ხელისუფლების „აღმაშფოთებელ და სამარცხვინო ქმედებას“. ხელისუფლება ბელარუსში არა მხოლოდ სასტიკ რეპრესიებს უწყობს საკუთარ მოსახლეობას და არა მხოლოდ შექმნა „გარემო, რომელშიც შესაძლებელია ასეთი უკანონო ქმედება და უგულებელყოფს ბელარუსი ხალხის უმთავრეს უფლებებს და თავისუფლებებს, არამედ - მათ სიცოცხლესაც“, განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ 13 ნოემბერს.
ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები ბელარუსის 55 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხიმგებელი არიან სასტიკი რეპრესიებისა და დაშინებისთვის, და მზად არის დაუწესოს დამატებითი სანქციები, დასძინა სტანომ, რომელმაც ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მინსკის საავადმყოფოში გარდაცვლილ რამან ბანლარენკოს ოჯახს და ახლობლებს.
ბანდარენკას სიკვდილმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ბელარუსში, ათასობით ადამიანმა მიაგო მას პატივი 12 ნოებერს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმლიანმა პირებმა ბანდარენკა გაიტაცეს 11 ნოემბერს მოედანზე ჩხუბის შემდეგ, სადაც ისინი მივიდნენ, რათა მოეხსნათ თეთრ-წითელი ბაფთები - ლუკაშენკას საწინააღმდეგო ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჩხუბი მოხდა უცნობ პირებს შორის“ და როცა მილიცია მივიდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რათა დაშავებული ბანდარენკა წაეყვანათ საავადმყოფოში. თვითმხილველი ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა იქ არ ყოფილა, რომ ნიღბიანმა პირებმა რამდენიმე პირი წაიყვანეს მიკროავტობუსებით, როგორსაც უშიშროების სამსახური ხმარობს ხოლმე. ცნობით, ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ ბანდარენკა მიიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში თავის არეში მძიმე ტრავმებით და ის გარდაიცვალა.
ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ, რომელმაც ქვეყანა დატოვა თავის და თავისი ოჯახის მიმართ გამოთქმული მუქარის გამო, ბანდარენკას უწოდა გმირი. „ის არაადამიანური რეჟიმის და ტერორის მსხვერპლი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ აქტიური ბელარუსი იყო, რომელიც თავისუფლებას ესწრაფოდა“, თქვა ციხანოუსკაიამ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30947047.html
#ახალი_ამბები
#twitter