ბელარუსში რუსული „ვაგნერის“ წევრების დაკავების სავარაუდო მიზეზი

Interworld

ბელარუსის ძალოვანი უწყებების მიერ, 29 ივლისს, დედაქალაქ მინსკის მახლობლად ჩატარებული სპეცოპერაციისას, 33 რუსი სამხედრო დაქირავებულის დაკავება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინვე 9 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებოდა (არის) ათობით ადამიანი, რომლებიც „წინასაარჩევნო პროცესში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავდნენ“. არსებული მოცემულობის მიუხედავად, საკითხის სპეციალისტები კიდევ უფრო „რთულ სცენარს“ ხედავენ და აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ იპოვა მოსახერხებელი გზა მზარდი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტირებისა და შეკავებისთვის, რათა კიდევ უფრო მკაცრი კონტროლი განახორციელოს არჩევნებზე, კიდევ ერთი ვადით (მე-6) პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად. 30 ივლისს გამართულ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე მკაცრი უსაფრთხოების ზომები უნდა დაწესდეს და აღნიშნულის ძირითად სამიზნეს სავარაუდოდ 31 ივლისს დაგეგმილი მასშტაბური ოპოზიციური აქცია წარმოადგენს. Current Time-სთან („რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი რუსულენოვანი პროექტი) საუბარში ბელარუსი პოლიტიკური ანალიტიკოსის ვალერი კარბალევიჩის თქმით, აქციებზე ე.წ. უსაფრთხოების გამშვები პუნქტები (Checkpoint) განლაგდება და ადგილობრივი პოლიცია ყველას დეტალურად შეამოწმებს. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აქციაზე დამსწრე საზოგადოების რაოდენობა მკვეთრად შეიზღუდოს და ზოგადად საპროტესტო მუხტი მნიშვნელოვნად შენელდეს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მისი მასშტაბებით შეშფოთებულია. აღნიშნული არის „ტაქტიკა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არასახელისუფლებლო ძალების გასანეიტრალებლად. „მკვეთრი სიგნალი“ ბელარუსი ეკონომისტის და პოლიტიკური კომენტატორის სიარეი ჩალის (Syarhey Chaly) შეფასებით, ლუკაშენკო ოპოზიციური ძალების რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებას ეცდება, რათა მათ ბრალი დასდოს სავარაუდო „გადატრიალების მცდელობაში“. აღნიშნული იქნება „მკვეთრი სიგნალი“ დასავლეთისთვის, რომ ლუკაშენკო თუნდაც ძალადობრივი გზით ჩაახშობს ოპოზიციურ მუხტს და აღნიშნულს კრემლის მხრიდან მომდინარე საფრთხით გაამართლებს. ზემოხსენებულის მიუხედავად კითხვებს ბადებს ის ფაქტი, თუ რას აკეთებდნენ დაკავებული რუსები ბელარუსის ტერიტორიაზე. ბელარუსული მედიის ცნობით, დაკავებულები კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული 22-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. რუსი ანალიტიკოსის, ორგანიზაცია Conflict Intelligence Team project-ის დამფუძნებლის რუსლან ლევიევის თქმით, დაკავებულთა უმრავლესობა დაინტერესებული საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მათი ვინაობა ინტერნეტშიც არის ხელმისაწვდომი და ისინი „ვაგნერის“ ჯგუფის წევრები არიან. ზოგიერთი მათგანი „ვაგნერში“ გაწევრიანებამდე აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში იბრძოდა. შემდეგ ისინი შეუერთდნენ ამ კერძო სამხედრო კომპანიას და ზოგი მათგანი სირიაში, ხოლო ზოგიც ლიბიაში იმყოფებოდა. ახლა კი სხვა დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები. ზოგადად „ვაგნერის“ მიერ განხორციელებული ოპერაციები საიდუმლოებით არის მოცული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთის კანონმდებლობით ე.წ. დაქირავებულთა საქმიანობა უკანონოდ ითვლება, მაგრამ ამავდროულად ეს ორგანიზაცია რუსულ სამხედრო დაზვერვასთან არის აფილირებული. „ვაგნერის“ მებრძოლები იბრძვიან უკრაინის, სირიის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, სუდანისა და ლიბიის ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რაიმე სახის კავშირს ამ კერძო სამხედრო ორგანიზაციასთან და სხვა მსგავსს სუბიექტებთან. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებულები ბელარუსში რაიმე კონკრეტული დავალებით იმყოფებოდნენ. ისინი მინსკის სიახლოვეს მდებარე საკურორტო ზონაში იყვნენ თავმოყრილები და სრულიად დაუფარავად, სამხედრო მოსამსახურისთვის დამახასიათებელი ვიზუალით (ჩაცმულობით) გამოირჩეოდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ისინი (სპეციალური საფარით მოქმედი) ოპერატიული ოფიცრები რა თქმა უნდა არ იყვნენ. ისინი არიან პირდაპირი, ღია საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, რომლებიც იწვრთნებიან სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად. შესაბამისად, არაა სარწმუნო ის, რომ დივერსიას ან ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ. მათ უფრო განსხვავებული მიზანი ჰქონდათ. რუსლან ლევიევის თქმით, „ვაგნერი“ ბელარუსს, როგორც სატრანზიტო წერტილს ისე იყენებს, რადგან რუსეთის კომერციული საჰაერო მიმოსვლა, კორონავირუსული პანდემიის გამო მკვეთრად შემცირდა. ასე მაგალითად, რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით ფრენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხოლო ბელარუსიდან პირიქით, შესაძლებელია. თურქეთიდან კი სირიაში, ლიბიაში, სუდანში და ა.შ. მოხვედრა მარტივია. ისიც აღსანიშნავია, რომ დაქირავებულებს თან ჰქონდათ საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საჭირო პასპორტები, რაც რუსეთიდან ბელარუსის მიმართულებით მგზავრობის დროს არ გამოიყენება (არაა აუცილებელი). გარდა ამისა, მათ ჰქონდათ სუდანის ვალუტა და სუდანის სატელეფონო სიმ-ბარათები. ამასთან, სუდანი შესაძლოა დაქირავებულთა საბოლოო დანიშნულების ადგილი არ ყოფილიყო. ევგენი პრიგოჟინის მიერ კონტროლირებად კომპანიას ხელი აქვს მოწერილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სამხედრო ტრანსპორტირების განსახორციელებლად. საკითხის სპეციალისტთა მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოფიციალურმა მინსკმა არ იცოდა ის, თუ რას აკეთებდნენ „ვაგნერის“ დაქირავებულები ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ ბელარუსი გამოიყენებოდა სატრანზიტო წერტილად, რა თქმა უნდა ეს ერთჯერადი ქმედება არ იქნებოდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #Russia #military #organization #Wagner #detention #interworld ______________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ახალიამბები #პოლიტიკა