აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა

Batumi Daily

არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულია, შესაბამისად ცნობილია აჭარის ახალი უმაღლესი საბჭოს დაზუსტებული შემადგენლობა. საბჭოს 21 სავარძლიდან 14 - ს ქართული ოცნება იკავებს, 7 - ს კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ქართულ ოცნებას პარტიული სიით 11 მანდატი ერგო. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში სიის პირველი 11 წევრი შევიდა, თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც სიის პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თქვა და კვლავ მიმდინარე პოზიციაზე რჩება. ისევე როგორც სიის მე-2 ნომერი - ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო სიაში მე-4, თინათინ ზოიძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდება, შესაბამისად უმაღლეს საბჭოში მათ ადგილებს პარტიული სიის მომდევნო 3 წევრი დაიკავებს, კიდევ 3 ადგილი კი ქართული ოცნების მაჟორიტარებისაა. საბოლოოდ უმაღლეს საბჭოში ოცნების კორპუსი ასეთი იქნება: უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის თავმჯდომარე დავით გაბაიძე, გიორგი მანველიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ნადიმ ვარშანიძე, ფატი ხალვაში, დავით თედორაძე, ლადო მგალობლიშვილი, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, ილია ვერძაძე და ლაშა სირაბიძე. მაჟორიტარი დეპუტატები: ტიტე აროშიძე, ცოტნე ანანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე. ქართული ოცნების გარდა, 2020-ის არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა მოხვდა, მართალია პარტია აცხადებს, რომ საბჭოში არ შევა და თვეზე მეტია ქუჩის აქციებს აწყობს, თუმცა ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის. გუშინ ბოლო ვადა იყო, როდესაც პარტიას უსკოსთვის შეეძლო სათანადო განცხადებით მიემართა, თუმცა ეს არ გაუკეთებია, და ამდენად, ნაციონალური მოძრაობა უმაღლეს საბჭოშია. 7 წევრის სია ასეთია: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე, ირაკლი ჩავლეიშვილი და მამული სურმანიძე. თუ კი ისინი საბოლოოდ გადაწყვეტენ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგი შანსი ამის გასაფორმებლად უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომაზე ექნებათ, მას შემდეგ რაც საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ და მას საბჭოდან გასვლის შესახებ განცხადებით მიმართავენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში