პუტინმა საახალწლო მიმართვა პირველად ჩაწერა სამხედროთა ფონზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი საახალწლო მიმართვა სამხედრო ფორმიანთა ფონზე ჩაწერა. ვიდეო ინტერნეტში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ახალი წელი დადგა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში. იქ პრეზიდენტის მიმართვა უკვე ტელევიზიითაც აჩვენეს. პუტინის თქმით, 2022 წელი იყო „რთული, აუცილებელი გადაწყვეტილებების“ წელი, რომელმაც „მკაფიოდ გამიჯნა სიმამაცე და გმირობა ღალატისა და სიმხდალისგან“. 2022 წლის მოვლენებს, როცა რუსეთის ჯარებმა პუტინის ბრძანებით უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყეს, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე უწოდა გადამჭრელი და ბედის გადამწყვეტი. პუტინმა ისაუბრა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიაზე და მათ რუსეთის ისტორიული მიწები უწოდა. მისი თქმით, კონფლიქტში „ზნეობრივი სიმართლე“ მოსკოვის მხარესაა. პუტინმა ცალკე მიულოცა ახალი წელი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებს და თქვა, რომ ადამიანები, რომლების ფონზეც ჩაწერა ეს მიმართვა, ასევე არიან მისი მონაწილეები. თუმცა, როგორც sibir.realii-ს რედაქცია იუწყება, საახალწლო მიმართვაში პუტინის უკან დგას იგივე ქალი, რომელიც 2017 წლის შობას არის მასთან ერთად გადაღებული ნოვგოროდში. ოფიციალური ინფორმაციით, პუტინმა მაშინ ადგილობრივ მეთევზეებთან ერთად გადაიღო ფოტო. მიმართვა პუტინმა დაასრულა სიტყვებით იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სვლა „მხოლოდ წინ“ და „გამარჯვება“. ვიდეომიმართვა არ შეიცავს არავითარ საახალწლო ატრიბუტს. ყველა წინა საახალწლო მიმართვა (პირველის გარდა) პუტინმა კრემლის ფონზე ჩაწერა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ეს მიმართვა ჩაწერეს დონის როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბში. აცხადებენ, რომ პუტინმა შტაბი შაბათს დილით მოინახულა. ტელევიზიით ასევე აჩვენეს პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიმართვა სამხედროებისადმი. პუტინმა კერძოდ თქვა, რომ რუსეთმა უნდა „ყველაფერი დათმოს, ან იბრძოლოს“, მაგრამ „დათმობა არ შეიძლება, საჭიროა წინსვლა“. ასევე იტყობინებიან, რომ მან ორდენი გადასცა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჯარების სარდალს, სერგეი სუროვიკინს. ცალკე ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, რომელიც წლის განმავლობაში უკრაინის მიმართ უკიდურესად მკვეთრი განცხადებებით გამოდიოდა. მან თქვა, რომ ომის მიზანია, „ბოლო მოუღოს ნაცისტურ რეჟიმს კიევში“. https://www.radiotavisupleba.ge/a/32202395.html

Source: radiotavisupleba.ge