„უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე“ - ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს

Tbilisi Daily

ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციის მოთხოვნაა, შედეგები ბათილად გამოცხადდეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. „ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ოპოზიციურ პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდეს ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად არ მივიჩნევთ, რადგან ის უკანონო ქმედებების შედეგადაა არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის, მოთხოვნაა ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკო-ს დაკოპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩევნების სისტემური გაყალბება“,- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.