ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუშაობის ავარიულ რეჟიმზეა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველი სახელმწიფო კომპანიის, „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსეთის მიერ 9 მარტს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დარჩა გარედან ენერგომომარაგების გარეშე. კომპანიის თანახმად, გაითიშა ბოლო ელექტროგადამცემი ხაზიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სადგურს აკავშირებდა უკრაინის დანარჩენ ენერგოსისტემასთან და ომის დაწყების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე მეექვსედ აღმოჩნდა „ბლეკაუტის“ რეჟიმში. „ენერგოატომის“ ინფორმაციით, სადგურის მეხუთე და მეექვსე ენერგობლოკები „ცივ მდგომარეობაში“ გადაიყვანეს და შიდა საჭიროებებისთვის ჩაირთო 18 გენერატორი, რომლებსაც 10 დღის საკმარისი საწვავი აქვთ. კომპანიის განცხადებით, თუ ამ პერიოდში ვერ მოხერხდა გარე ენერგომომარაგების აღდგენა, მოსალოდნელია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველი ავარია. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიულ რეჟიმზე გადაყვანას ადასტურებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი. მისი ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 5 საათისთვის, სადგურის ენერგომომარაგება შეწყდა ერთადერთი დარჩენილი ელექტროგადამცემი ხაზით და ამჟამად ჩართულია შიდა გენერატორები. გროსი ინფორმაციას იღებს სააგენტოს ექსპერტებისგან, რომლებიც რუსეთის ნებართვით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან სიტუაციის მონიტორინგის მიზნით. გროსის განცხადებით, ევროპაში უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე უკვე მეექვსედ შეექმნა და ასე გაგრძელება დაუშვებელია. უკრაინის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის გაზაფხულიდან. ომის დაწყების შემდეგ სადგურის მიმდებარე რაიონი ბევრჯერ დაიცხრილა, რაშიც რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამასთან, მოსკოვი არ თანხმდება კიევის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას, რომ ეს რაიონი დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32310045.html

Source: radiotavisupleba.ge