კალაძე ამბობს რომ გზაგამყოფზე მცენარეები ჩაანაცვლეს თეთრი ქვით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილზე ჩატარებული რეაბილიტაციის შესახებ ილაპარაკა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუკის“ LIVE-ში. ის აღნიშნავს, რომ გზაგამყოფში მცენარეები თეთრი ქვით ჩაანაცვლეს.
„გზაგამყოფი, რომელშიც მცენარეები იყო ადრე, წლების განმავლობაში, მოუვლელი, გაუბედურებული, ეს მცენარეები ამოვიღეთ და იმიტომ, რომ მისი შენახვა, მოვლა-პატრონობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, იმ თვალსაზრისით, რომ მას სჭირდებოდა მორწყვა. სარწყავი სისტემის არსებობის შემთხვევაში, წყალი ხშირ შემთხვევაში გადადიოდა ცენტრალურ გზაზე და ზამთრის პერიოდში უკვე პრობლემას წარმოადგენდა, აფუჭებდა გზას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ქვით მოხდეს შევსება მთლიანად გზაგამყოფის, ჯერ ეს ბოლომდე დამთავრებული არ არის, პატარა მონაკვეთი არის დარჩენილი და მასაც დავასრულებთ“, - ამბობს თბილისის მერი.
კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში განახლდა მონუმენტი („ადამიანი და მზე“), ასევე დამატებით შეიქმნა მწვანე სივრცეეები, სარწყავი სისტემებით, დაირგო ახალი ხე-მცენარეები. როგორც კალაძე ამბობს, „გაჩნდა დასასვენებელი ადგილები, სადაც ადამიანს შეუძლია ელემენტარულად მანქანა გააჩეროს, ჩამოვიდეს და დაისვენოს ამ ლამაზ კეთილმოწყობილ სივრცეში. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდა“.
კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია (ორივე მიმართულებით გზის საერთო სიგრძე 23 კმ) 2019 წელს დაიწყო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30966896.html
#ახალი_ამბები
#twitter