გენდერნომიკა

0
ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციაში და ისეთი ხალხის გარემოში, სადაც ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა თითქოს სალანძღავი სიტყვაა ან კიდევ ვხვდებით გაკვირვებულ ხალხს იმით თუ სად ჩანს საერთოდ ეს ფემინისტური თუ გენდერული პრობლემები და საერთოდ რაზეა ლაპარაკი - რას მოიგონეს ახლა ახალი სისულელე, ეს იქ სადღაც შორს, სხვა ქვეყანაში და სხვა მსოფლიოში არის პრობლემა სავარაუდოდ... არ მიკვირს, რამოდენიმე წლის წინ, როცა ვსწავლობდი ევროპაში, მეც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მქონდა. გენდერული სწავლებების ცალკე ფაკულტეტი იყო-ჩემთვის გაუგებარი - ვერ ვხვდებოდი რა უნდა ესწავლებინათ ამ კურსზე. ვფიქრობდი რომ ეს იმ ქვეყნების პრობლემატიკას აღწერენ, სადაც ქალებს დღემდე გარიგებით ათხოვებენ ან სადაც 16 წლამდე გოგონებს საშინელ პირობებში ამუშავებენ და მისთანანი... ასეთი საკითხების განხილვისას მე ყოველთვის ჩუმად ვიყავი, არაფერი მქონდა სათქმელი, ჩემი იმდროინდელი თვალთახედვით ჩემს ქვეყანაში მსგავსი არაფერი ხდებოდა. ერთი ინდონეზიელიც ჩემსავით „ღირსეულ“ დუმილს ინარჩუნებდა, უფრო მეტიც- ამ ბიჭს საერთოდ გაგონება არ უნდოდა ამ თემის. თუმცა ჩვენ სხვა ფაკულტეტზე ვსწავლობდით, შესაბამისად თავისუფლად შეგვეძლო თავი აგვერიდებინა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ერთ- ერთ მოდულად გენდერული საკითხების და ფემინისტური ეკონომიკის კურსი დაგვემატა. კურსის მსვლელობისას ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ნელ- ნელა ჩემს ცნობიერებაში გამოყოფა დაიწყო კულტურულ ყოველდღიურობასთან შერწყმულმა პრობლემებმა... გასამჟღავნებლად ჩადებული ფირივით უცებ გამოიხატა მთელი გენდერული დისბალანსის ელფერი ჩვენს ქართულ, თეთრ ფურცელზე... მე უბრალოდ ჩემთვის თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი ასპექტები მინდა გამოვყო. ერთ- ერთი არის ფემინიზმი და გენდერული თანასწორობის საკითხი. ეს ორი თითქმის ერთი და იგივეს აღნიშნავს თუმცა, მაინც არის განსხვავება. ფემინიზმი- ეს არის ქალთა უფლებების დაცვა და ამ უფლებების წინა ხაზზე გამოტანა. ფემინისტებისთვის ქალთა ასპქტია ამოსავალი წერტილი. გენდერული თანასწორობა კი ორივე სქესისათვის თანაბარუფლებიანობას, თანაბარ შესაძლებობებს, თანაბარ პირობებს უსვამს ხაზს. როცა დაფიქრდები რამდენად თანაბარ პირობებში ან შესაძლებლობებში ვართ ჩვენ და მამაკაცები - სახლში, სამსახურში, სოციუმში, ნებისმიერ ადგილას - ბევრი საკითხი წამოყოფს თავს. ხშირად მსმენია კაცების მხრიდან: „აბა თქვენც ისევე შეგიძლიათ საქმის კეთება როგორც ჩვენ?“ „რამდენი მეცნიერი იცი ქალი, რომელმაც წვლილი შეიტანა განვითარებაში?“ „კაცის საქმეს ქალი როგორ გააკეთებს?“ „იმდენს როგორ იმუშავებს ქალი რამდენსაც მე ვმუშაობ?“
#თავიპირველი
#დარჩისახლში
#იფიქრეთანასწორობაზე
0