4 votes
comments
shares
Save
გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
49 reads
Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 months ago
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139940

გაერო სახელმწიფოებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოწყვლად ჯგუფში შემავალი პატიმრები გაათავისუფლონ. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა. მისი თქმით, „კოვიდ-19“ არაერთი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში დაფიქსირდა, რაც დაუცველ ადამიანებს საფრთხეს უქმნის.

„მთავრობამ უნდა განიხილოს მოწყვლად ჯგუფში შემავალი, დაუცველი პატიმრების გათავისუფლების საკითხი. საუბარია ასაკოვან, სხვადასხვა დაავადებების მქონე პატიმრებსა და არაძალადობრივ დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებზე“, – აცხადებს ბაჩელეტი.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ბევრ ქვეყანაში საპატიმროები გადატვირთულია, რაც მსჯავრდებულებთან ერთად ციხის თანამშრომელთა ინფიცირების რისკსაც აჩენს.

ბაჩელეტის განცხადებით, მთავრობებს რთულ ვითარებაშიც კი არასდროს უნდა დაავიწყდეთ საპატიმროებში, ფსიქიატრიულ კლინიკებში, მოხუცებულთა თუ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში მყოფი მოქალაქეები. კორონავირუსის გამო, პატიმართა ნაწილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს გერმანიაში. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ციხეებიდან 1000 მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ. ამნისტია შეეხება მათ, ვისაც პატიმრობის ვადა ეწურება, თუმცა ეს არ ითვალისწინებს სექსუალურ თუ სხვა სახის ძალადობაში ბრალდებულებს.

1000-ზე მეტი მსჯავრდებული გაათავისუფლეს კანადაშიც. 1000 პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს ნიუ ჯერსის შტატის ადგილობრივი მთავრობაც. ანალოგიური ნაბიჯები გადადეს დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და იტალიაში, თუმცა ხელისუფლება გათავისუფლებული პირების მეთვალყურეობას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ამბოხი და არეულობა მოჰყვა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 4 months ago
4
Write a comment