კახეთის საავადმყოფოები დღეიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139955 კახეთში ოთხი კლინიკა არის მზადყოფნაში, საჭიროების შემთხვევაში ვირუსის მქონე პაციენტები მიიღოს, მათ შორის ორი კლინიკა თელავში და თითო საგარეჯოსა და ლაგოდეხში. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, ადგილზე პაციენტებს აუღებენ ანალიზს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. საავადმყოფომ სხვა პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა. "დღეიდან უკვე შეგვიძლია პაციენტების მიღება. სრულად ვართ მომზადებული, როგორც კლინიკა, ასევე პერსონალი. კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის მქონე 55-მდე პაციენტზეა გათვლილი, გვაქვს ბოქსირებული, იზოლირებული განყოფილებები", - განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა. კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 452 ადამიანი იმყოფება, ამასთან, თვითოზლაციის ვადა 60 ადამიანს ამოეწურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში მდებარე რვა საკარანტინო სივრცეში 550 ადამიანია მოთავსებული, ისინი ძირითადად უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან. „ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გასული დღე- ღამის განმავლობაში კლინიკაში არც ერთი ადამიანის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო“, – აცხადებს ხიზანიშვილი.
0