კარგი ამბები კორონავირუსის პანდემიის შესახებ

0
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ დაავადების გავრცელების, ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდისა და სხვადასხვა ქვეყანში არსებული რთული ვითარების შესახებ. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, სამყაროში პოზიტიური მოვლენებიც ხდება, რაც აჩენს იმედს, რომ მალე ყველა ერთად საშიში ვირუსის დამარცხებასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას შევძლებთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ რამდენიმე კარგ ამბავს კორონავირუსის პანდემიის შესახებ: დავიწყოთ საქართველოთი. ამ სტატიის დაწერის დროისთვის, ჩვენს ქვეყანაში უკვე სრულად გამოჯანმრთელდა კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 117 ათასს აჭარბებს. ეს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტია. ჩინეთის ხუბეის პროვინციის დიდ ნაწილში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი კლების გამო, ქვეყანაში საველე საავადმყოფოებიც დაიხურა. ქალაქ უხანში კი, საიდანაც პანდემია დაიწყო, კარანტინი 8 აპრილს მოიხსნება. კარგი ამბებია სამხრეთ კორეაშიც, სადაც საყოველთაო ტესტირების საშუალებით ექიმებმა კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხეს. დაავადებულთა თითქმის ნახევარი იქ უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. 50-მილიონიან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა მხოლოდ 5 ათასს შეადგენს. როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრსა და უტრეხტის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კორონავირუსის ანტისხეული აღმოაჩინეს. ნიდერლანდელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მისი მეშვეობით, შესაძლოა, დაავადებასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი პირველი მედიკამენტი შეიქმნას. ამასობაში, ინდოელი ექიმები COVID-19-ის წინააღმდეგ წარმატებით იყენებენ ლოპინავირის, რეტონოვირისა და ოსელტამივირის კომბინაციას ქლორფენამინთან ერთად. ისინი მკურნალობის ამ სქემას მთელი მსოფლიოს მედიკოსებს სთავაზობენ. ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე ადამიანებზე გამოსცადეს. სპეციალისტების თქმით, ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრეპარატის წარმოებაში ჩაშვებისთვის 12-დან 18 თვემდე ვადა იქნება საჭირო. კორონავირუსის ვაქცინაზე ინტენსიური მუშაობა აშშ-ს გარდა ჩინეთში, ისრაელში, გერმანიაში, კანადასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც ისინი მისი შექმნის შესახებ გამოაცხადებენ. აშშ-ის რამდენიმე კლინიკამ კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები შექმნა, რომელთა შედეგი არა რამდენიმე დღეში, არამედ საათებისა და ზოგჯერ წუთების განმავლობაშიც კი ხდება ცნობილი. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება. მეცნიერმა იმ 78 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა, სადაც ყოველდღიურად კორონავირუსით 50-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება და მათ დიდ ნაწილში დადებითი ტენდენცია გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა საერთო რიცხვის ზრდის მიუხედავად, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ მომდევნო დღეს წინაზე ნაკლებია. 103 წლის ჩინელი ქალბატონი ჟანგ გუანფენი COVID-19-ისგან განკურნებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი გახდა. ქალაქ უხანის საავადმყოფოდან ის 6-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაეწერა. მანამდე დაავადება ამავე ქალაქში მცხოვრებმა 101 წლის მამაკაცმაც დაამარცხა. კორონავირუსისგან განიკურნა ასევე ალცჰეიმერის დაავადების, ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის მქონე 100 წლის პაციენტი კომპანიამ Apple ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი 42 მაღაზიის მუშაობა განაახლა. ჩინეთის ბეიხანისა და ცინხუას უნივერსიტეტებში მომუშავე სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების ტემპის კლებაა მოსალოდნელი. და ბოლოს, რუანდაში მამაკაცი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა. ეს არც ისე პოზიტიური ამბავია, თუმცა, იმის მაგალითად გამოდგება, რომ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ჯობია, ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ.
#ფაქტებიკორონავირუსისშესახწვ
0