თენგიზ ცერცვაძე -79 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა

0
79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა. „79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის, უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც საქართველოს რუკაზე უჭირავს, იმის შედეგია, რომ საათივით აწყობილი მუშაობდა მთელი ვერტიკალი, რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, კლინიკებით გაგრძელებული და განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრით დამთავრებული. ყველა საპასუხო ღონისძიება დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად განხორცილდა“, – განაცხადა ცერცვაძემ. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, გავრცელებისა და სიკვდილის ახალი შემთხვევების თვალსაზრისით ეპიდემია სწრაფად პროგრესირებს მთელ მსოფლიოში, პირველ რიგში კი ევროპაში და საქართველო ამ მოვლენებიდან მთლიანად ვერ დარჩება გვერდზე. „ამიტომ, ახლო მომავალში, საქართველოში მოსალოდნელია შემთხვევების მატება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა. ანუ, როდესაც არის შიდა გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებული პიროვნება ზუსტად ვერ ასახელებს კონტაქტებს, თუ ვისგან გადაედო დაავადება. ამ სიტუაციაში შემთხვევების მატება გარდაუვალია“, – განაცხადა ცერცვაძემ. მისი თქმით, სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა, მაგრამ ვერტიკალი, რომელიც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს, შეძლებს, საქართველოს ეპიდემიის განვითარების ამ ახალ სტადიაზეც ექნას ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობა, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ. „ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ. ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მარნეულელი ქალბატონის შემთხვევამ დასაბამი მისცა ე.წ. მეოთხეულ გადაცემას და ქვეყნის შიგნით ეპიდემიის განვითარების საფრთხეს, მაგრამ აქაც მყისიერად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და ვერტიკალმა, რომლის ფუნქციაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა. „მყისიერად მოქმედებამ უკვე გამოიღო შედეგი და შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ჯერჯერობით, ერთადერთი ცხელი კერა ლოკალიზებულია და შესაძლებელია, ის, რისი საფრთხეც თავიდან იყო და გვეშინოდა, რომ ამას ინფექციის უმართავი გავრცელება შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება იქნება, მაგრამ მართვადი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
#georgia
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#gakharia
0