ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ხელისუფლებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, ევროპის უდიდეს ქალაქებში შეიზღუდა სატრანსპორტო გადაადგილება, მკვეთრად შემცირდა სარკინიგზო და ავიამიმოსვლა, ასევე, საწარმოებისა და ქარხნების მუშაობა.
როგორც ევროპის გარემოს სააგენტოში (EEA) აცხადებენ, ზემოაღნიშნუმლმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებას.
ევროპული ქვეყნების რიცხვს უერთდება საქართველოც, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად იკლო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება 15 მარტიდან არ დაფიქსირებულა და ყველაზე მეტად აზოტისოჟანგის შემცვლელობაა შემცირებული.
სპეციალისტები აღნიშნულს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას, ქალაქებში ავტომანქანების შემცირებულ რაოდენობასა და ფრენების აკრძალვას უკავშირებენ.
ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით აზოტისოჟანგი 25-30 მიკრო გრამი/მეტრ კუბის ფარგლებში ფიქსირდება.
ქვეყნის კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტით კი აზოტისოჟანგისთვის წლიური ნორმა 40 მიკრო გრამი/ მეტრ კუბშია.
"დღეისათვის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგს 4 უმსხვილეს ქალაქში ვაწარმოებთ, 8 ავტომატური სადგურით. ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. ყველა ამ სადგურზე ძირითადი დამბინძურებლების შემცირება ფიქსირდება. ქვეყანაში პრობლემური იყო მყარი ნაწილაკები და აზოტისოჟანგი. იქიდან გამომდინარე, რომ დაბინძურების წყაროები შემცირდა, განსაკუთრებით ეს ეხება ავტოტრანსპორტის ნაკადის მკვეთრ შემცირებას, ამან გამოიღო თავისი დადებითი შედეგი და 15 მარტიდან არცერთი დამაბინძურებლის ზღვრული მნიშვნელობები არ არის გადაჭარბებული. განსაკუთრებით ეს იგრძნობა აზოტისოჟანგის შემთხვევაში. 11 მარტიდან, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ცალსახად ვხედავთ, რომ ჰაერში აზოტისოჟანგის კონცენტრაცია, რომელიც არის ძირითადად, ავტოტრანპორტის გამონაბოლქვი, აშკარად მოდის ქვევით, " - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, აზოტისოჟანგმა მკვეთრად იკლო გზისპირა სადგურებზე.
"სადგურებზე, რომელიც განთავსებულია გზის პირას, დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის, ეს არის წერეთლის გამზირზე მდებარე სადგური, სადაც აშკარად გვიფიქსირდება კლება, ბათუმშიც ასევე გზისპირა სადგურია და აზოტისოჟანგის სერიოზული კლებაა. კლებაა ქუთაისში, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ბათუმსა და წერეთელის გამზირზე. როცა საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, რა თქმა უნდა, ისევ დაიტვირთება გზები და მატება ეტაპობრივი გვექნება, მაგრამ თუ განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღდება და მოქალაქეები იგივე ველოსიპედით ან ფეხით ივლიან, ამ შემთხვევაში, მატება არ უნდა იყო ისეთივე მაღალი, როგორიც გვქონდა. ჰაერში გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, ყოველთვის იყო ისედაც გაცილებით უფრო დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე ევროპული სტანდარტით იყო გაწერილი, " - განაცხადა მეგრელიშვილმა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცვლელობა დღესაც პრობლემურია.
"თუმცა, მის ფორმირებაში ანუ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შექმნაში, ტრანსპორტს იმხელა წვლილი არ მიუძღვის, ეს არის სამშენებლო და სამრეწველო სექტორის გამო. ეს არის იგივე შეშის მოხმარებისა და საზღვრებს გარედან შემოსული მტვერის გამო. მყარი ნაწილაკების შემცირების ასეთი მკვეთრი სურათი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, იქაც გვაქვს მცირედით კლება, მაგრამ არა მკვეთრი, რადგან უმსხვილესი სამრეწველო და სამშებელო სექტორი კვლავაც აგრძელებს მუშაობას." - განაცხადა მან.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ჰაერისდაბინძურება
#ტრანსპორტი
#ნოემეგრელიშვილი
#tbilisidaily