პირველშეწირულის წირვას დღეს მხოლოდ ერთი ადამიანი ესწრებოდა – მეუფე ისაია

0
https://primetime.ge/pirvelshetsirulis-tsirvas-dghes-mkholod-erti-adamiani-estsreboda-meufe-isaia/ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე ისაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვირუსთან დაკავშირებული საფრთხის გამო ტაძარში ხალხი ნაკლებად მიდის. ახლა რამოდენიმე ადამიანი ვართ აქ, ვინც ვლოცულობთ. თითქოს აღარ არის ხალხი. მაგალითად, ერთი ადამიანი ესწრებოდა დღეს პირველშეწირულს (საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება – ავტ.). შაბათ-კვირისთვის მოვამზადეთ დინამიკები, მიკროფონები. გვაქვს პირბადეები, რეზინის ხელთათმანები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი მრევლს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეკომენდაციების გათვალისიწნებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ყველამ, მათ შორის სასულიერო პირებმა უნდა დაიცვან არსებული წესები. „ვთხოვ ადამიანებს, რომ დავიცვათ ეს წესები, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. მე მაგალითად, ხელს არ ვართმევ და არ გადავეხვევი ადამიანებს ასეთ სიტუაციაში. ყველამ უნდა დავიცვათ ეს წესები, რათა ღმერთმა მშვიდობიანად გადაგვატანინოს განსაცდელი. იყო დრო, როცა დამოუკიდებელ ქვეყანას ვნატრობდით, გვყოლოდა ჩვენი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. ახლა, როდესაც ხელისუფალი აცხადებს საგანგებო ვითარებას, რასაც ითხოვს აუცილებლად უნდა შევასრულოთ. პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთია. რაც შეეხება ზიარებას, ეს ხელისუფალსაც არ აუკრძალია. პირველი ქრისტიანები, როცა დევნაში იყვნენ, კატაკომბებში ჩუმად იკრიბებოდნენ და იქ ეზიარებოდნენ. დღეს ასეთი აკრძალვა არ გვაქვს, მაგრამ, ვინც შეუძლოდ და ცუდად გრძნობს თავს, აქვს რაიმე სიმპტომი, არ უნდა მოვიდეს ტაძარში. თუ შევატყობთ, რომ ასეთ სიფრთხილეს არ იჩენს ადამიანი, უნდა მივუთითოთ და სხვაგვარად დავეხმაროთ. ეს ისედაც ასეა. სასულიერო პირები, როდესაც შეუძლოდ ვართ, ჩვენ თავადაც ასე ვიქცევით. მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში გმირობის ჩადენა რა აუცილებელია“, – ამბობს მეუფე ისაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. მისივე თქმით, რთული სიტუაციაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მღვდელმთავარი შიშობს, რომ ვირუსის აფეთქების შემთხვევაში ცხინვალის მოსახლეობა დაუცველი აღმოჩნდება. „ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ვუმკლავდებით ამ ყველაფერს. იქ, რომ მსგავსი რამ დაიწყოს, ძალიან უმწეობი იქნებიან. ვისთანაც ხმა მიგვიწვდება, მაქსიმალურად ვაფრთხილებთ, დაიცვან წესები“, – აღნიშნავს მიტროპოლიტი. ცნობისთვის: მეუფე ისაია, ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია ბერად 1994 წელს აღიკვეცა. 1995 წელს ეპისკოპოსად, 2000 წელს მთავარეპისკოპოსად, 2006 წელს კი მიტროპოლიტად აკურთხეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაჯილდოებულია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
0