პერსონალური სივრცის და უცნაური სამოსელის ამბავი

0
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 22/03/2020 ინკოგნიტო ავტორი: P.A. სამხრეთ აღმოსავლეთ ლონდონი, უბნები: ლუიშემი, ელთამი, ნიუ ელთამი, სიდქაფი, ბექსლი თაუნი, სვონლი, ველინი. ქუჩები ცარიელია. მანქანები თუ აივლიან და ჩაივლიან. ავტობუსები ჯერ კიდევ მოძრაობენ. აგერ მეზობელი შემხვდა გარეთ, მეუბნება: მოჩვენებების ქალაქში ვართო. გულისხმობს, ადამიანებისგან როგორაა ქუჩები დაცლილი და გამოყრუებული. ვიღას ახსოვს ახლა „ბრექსიტის“ ციებ-ცხელება. კარგა ხანია ამ სიტყვამ ჭირი მოგჭამათ. ახლა მხოლოდ კორონა ვირუსის სინდრომია გაბატონებული: ჰაერში, მიწაზე, სახლებში, გზებზე. ლიდლის სუპერმარკეტში აფრიკული წარმოშობის ადამიანმა მიიქცია ყურადღება თავისი ჩაცმულობით. ის ჩემს პარალელურ რიგში, კალათიდან პროდუქტებს ალაგებს და რახან გადახდის რიგმა როგორც იქნა მოუწია, გამოცოცხლებული უახლოვდება გადასახდელ პუნქტს. კაცს აცვია თეთრი კომბინიზონი, თავზე სკაფანდრი ახურავს ისე რომ თვალები შუშის სარქველებიდან ცოტათი უჩანს. ცხვირზე მიერთებული აქვს სასუნთქი მილი, რომელიც თავის მხრივ ლოყებზე ორივე მხარეს განლაგებულ ოთხკუთხედ პატარა ბალიშებს უერთდება, ასეთი ჩაცმულობით მარსიდან ჩამოსული, ან ფილმებში ნანახი ბოლოგიური ლაბორატორიის თანაშრომელი გეგონებათ. სკაფანდრის ქვეშ ჩანს ახალგაზრდა აფრიკული წარმოშობის მამაკაცი. მის ჩაცმულობას არავინ აკვირდება და გარშემო მყოფთაგან ალბათ ჩემს მეტი, ალბათ არც უცნაურად აღიქვამს. რადგან ცნობისმოყვარეობა მაწუხებს, როგორც იტყვიან, არც ვაციე, არც ვაცხელე და ამ კაცს ვეკითხები: უკაცრავად, სად შეიძინეთ თქვენი სამოსელი? სკაფანდრის ქვეშიდან პასუხი შეყვირებასავით ისმის, აშკარად სარქველი ახშობს ჟღერადობას: - ეს რაც მაცვია, ზუსტად 5 წლის წინ შევიძინე, ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, ახლა გამოვიღე უჯრიდან , ჩავიცვი და აი, ასე! როგორც ხედავთ. - ნეტავ მეც მქონდეს ახლა თქვენნაირი სამოსელი, - ჩავიბურტყუნე. ჩემს კომენტარს, ან ამ კაცის ნათქვამს არავინ გამოხმაურებია. ყველას თავისი საქმე აქვს, პროდუქტების ფული გადაიხადოს და დროულად დატოვოს სუპერმარკეტი. ვაგრძელებ რიგში დგომას, რომ პროდუქტები შევიძინო. წინ მდგომი ინგლისელი ქალბატონი, შუა ხანზე უფრო ხნიერი ასაკის, ხელს მიქნევს და იმეორებს, რომ უმჯობესია დისტანცია დავიცვა. როგორც სჩანს, წინ ზედმეტად წავიწიე. გავწბილდი გულის სიღრმეში შენიშვნის გამო. ინგლისელები რომ ლამის 3-4 წლიდან ასწავლიან სკოლაში ბავშვებს: დაიცავით პერსონალური სივრცე! და თუ ვინმეს შემთხვევით მიუახლოვდები, ხუთ ნაბიჯიან ნახტომს უკან თითონვე აკეთებენ, რომ საკუთარ სივრცეში არ შეგიშვან. დღეს პერსონალური სივრცე ვერ გავაკონტროლე, სხვისი სასუნთქი ზონა გადავლახე.
London
United Kingdom
0