კარგი შვილი

0
17 წლის ვიყავი, როცა წავედი ინგლისში ენის შესასწავლად - აკადემიაში, სადაც მეტწილად ცხოვრების სტილს, კულტურას ეცნობი, მოგზაურობ. იმ პერიოდში, როცა მე იქ ვიყავი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არაფერი ხდებოდა, ამიტომ ჩემი თანაკურსელების გართობა, მისვლა-მოსვლა ძალიან ბევრი და ზედმეტიც კი მეჩვენებოდა. მე ჩემი ჩვევის და შეხედულებების შესაბამისად მათთან ერთად მხოლოდ პარასკევს ან შაბათს საღამოს გავდიოდი. როცა 17ის ხარ და თან საქართველოდან ყველანაირი დროის ტარება საზღვრებს გადასულად გეჩვენება - მეც ვფიქრობდი, რომ ეს ხალხი აქ გასართობადაა ჩამოსული, რადგან მათი ქცევა აკადემიურად განწყობილი ადამიანების ქცევას არ გავდა. ერთ დღესაც წინასაგამოცდო დისკუსია გაიმართა. ყველა ღელავდა მომავალ ტესტზე, რომელიც საკმაოდ რთული იქნებოდა - ვიცოდით. მექსიკელის, ყაზახის და რუსის მსჯელობა, ხუმრობით ( თუ არც ისე), ტესტის ჩაბარების ხრიკებზე გადავიდა- ანუ იმ მხარეს წავიდა საუბარი, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ორგანული იყო; „ საკონტროლო გადამაწერინე“, „შპარგალკა მათხოვე“ , „მიკარნახე“... ამას ნულოვანი მიმღეობით შეხვდა დასავლელი სტუდენტების ფლანგი. მათ წარმოსახვაშიც კი ვერ წარმოიდგინეს რაზე იყო საუბარი. ერთი ბელგიელი გოგო იყო- პირველი გართობაში და დროის ტარების სიყვარულში, რომელმაც თქვა: „კი, ხრიკები ათასი არსებობს და მოიფიქრებ რასაც გინდა, მაგრამ ეგ მე რას მომცემს? რეალურ შეფასებას არ მივიღებ და საბოლოოდ მე მაკლდება ცოდნა! კი რთულია, მაგრამ ამისთვის ვართ აქ!“ შეიძლება ითქვას პირველად გავიგე და დავინახე ვისთვის ყოფილა სწავლა. უცებ გამოჩნდა აქამდე ბუნდოვანი სუბიექტი სწავლის მიღებისა - მე! მე ვყოფილვარ ამ ყველაფრის თავში თუ ცენტრში! გავიაზრე, რომ მე დამაკლდება საშუალება/ გასაღები/სადავეები იმისა, რაც მინდა მივიღო ცხოვრებისგან, ჩემი თავისგან, გარემოსგან. უმრავლესობისთვის დღემდე გაუგებარია ვისთვისაა და რისთვისაა ეს ყველაფერი; რატომ უნდა ისწავლოს, რატომ არ უნდა იყოს დამოკიდებული კარნახზე, შპარგალკაზე და გადაწერაზე. ძალიან ბუნდოვანია ეს იმ საზოგადოების ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ცხოვრების წყობა, ორგანიზაცია - უკვე წინასწარაა გადაწყვეტილი. დაბადებიდან ხარ გარკვეული განსაზღვრებების მიმდევარი: თავიდან მშობლების წარმოდგენების - რა სურთ თავიანთი შვილისათვის, როგორი ბავშვობა, როგორი რეჟიმი, როგორი ბაღი, როგორი სკოლა. შემდეგ პროფესიის შერჩევა მიდის, სამსახურის, ცხოვრების სტილის.
#ნაწილიპირველი
0