საქართველომ ჩინურ კომპანიას, რომელსაც სწრაფი ტესტები უნდა შემოეტანა, ხელშეკრულება გაუუქმა

0
Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს საქართველომ 215 000 სწრაფი ტესტი შეუკვეთა, რომლის ღირებულებაც, ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტირების გარეშე 1 182 500 აშშ დოლარს შეადგენდა. იგივე კომპანიის პროდუქციის ხარისხი ესპანეთმა დაიწუნა და უკან დააბრუნა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თანხა არ გადარიცხულა და ხელშეკრულებაც უკვე ანულირებულია. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი განმარტავს, რომ ეს ტესტები ქვეყანაში საერთოდ არ შემოსულა. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მუდმივ რეჟიმში აკეთებენ გადაზღვევას არააკრედიტებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მათი მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს, რადგან ტესტების შერჩევა ინფექციონისტების, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციითა და საელჩოების სრული ჩართულობით მიმდინარეობს. "ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში — ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის", — ამბობს ის.
#კორონავირუსი
#სწრაფიტესტი
#ეკატერინეტიკარაძე
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0