ბუნებრივია, ბავშვობაში სწორედ მშობელი წყვეტს შვილის ყოველდღიურ ცხოვრებას: როდის ადგე, როდის ჭამო, სად ითამაშო, როდის იმეცადინო, როდის დაიძინო - შენც რაღაც გეგმას მიყვები, ქცევათა ინსტრუქციას. თუმცა ეს ქართულ-მშობლიური „ზრუნვა“ შვილებზე არ მთავრდება იქ და ისე როგორც საჭიროა. მშობლები თავიანთ წილ შესასრულებელ საქმეს გეგმაგადაჭარბებით ასრულებენ და ხანდახან ზღვარიც კი იკარგება რა იქნება შვილისათვის უფრო მეტად გამოსადეგი; რომელი დახმარებაა მართლაც დახმარება...
შესაბამისად, უკვე ზრდასრულ ასაკშიც „კარნახს“ მიჩვეული „შვილიკოები“ ინერტულები ვხდებით და ისევ კარნახს ველით. როცა დაბადებიდან მშობელი გეუბნება „ეხლა დაიძინე - ხვალ ვერ ადგები“, „ეხლა ჭამე თორემ მერე მოგშივდება“, „ეხლა ეს ზედა ჩაიცვი იმ ფეხსაცმელს წითელი ქუდი არ უხდება“, „ეხლა დაიძინე უკვე გვიანაა“ - უკვე გვიანაა!!
როცა გეუბნება „იმეცადინე თორემ ორიანს მიიღებ“ - მორჩა! მერე მთელი ცხოვრება ცდილობ „ორიანი არ მიიღო“ , ნებისმიერი საშუალებით, კარნახით, შპარგალკით, გადაწერით.
მე პირადად არავინ მესაუბრებოდა ცხოვრების აწყობა-მოწყობაზე, კარიერაზე, ფულზე. აქცენტი ყოველთვის ზოგად განათლებაზე, ზოგადად კარგ ქცევაზე და კარგ გოგოობაზე იყო დასმული. დღეს ვხვდები, რომ მე როგორც პიროვნება აქამდე არ ვიყავი არსად ჩართული, ეს პროცესები მიმდინარეობს და შენ ხარ - ასე, უბრალოდ...
იდეაში არავინ გიშლის ხელს იყო აქტიურად და ცნობიერად ჩართული შენი ცხოვრების პროცესებში, მაგრამ როგორ უნდა გამოხატო ნება და მიიღო რაიმე გადაწყვეტილება როცა მთელი ბავშვობა, მოზარდობა და სრულწლოვანება არ დამდგარხარ ნამდვილი გადაწყვეტილებების, არჩევანის გაკეთების წინაშე?! არასდროს გიგრძვნია, რომ რეალობა რაც დადგა - შენი არჩევანის შედეგია.
მთელი წელი საზღვარგარეთ ცხოვრებისა, ყოველ დღე მიწევდა მარტივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც - უნდა ვაღიარო - ძალიან გამიჭირდა.
მაგალითად - ეხლა დავიძინო თუ ერთ საათში? შაბათს წავიდე საყიდლებზე თუ კვირას? რომელ ავტობუსს გავყვე: 15 წუთში რომ მოვა, თუ -25 წუთში? ოთახი ეხლა დავალაგო თუ იყოს დაყრილი?
სასაცილოა პირდაპირ... მაგრამ როცა შენით არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგიღია ცხოვრებაში, შესაბამისად არც შედეგი მოგიმკია. როგორ უნდა იგრძნო და გათვალო უფრო სერიოზული ნაბიჯების შედეგი?
აბსოლუტურად მოუმზადებელი, გაურკვეველი და დაბნეულები ვეჯახებით რაღაც მომენტში ნამდვილ ცხოვრებას... და ისიც ზოგიერთები და ისიც ხანდახან...