სახსრების ტკაცუნი, განსაკუთრებით კი თითების ტკაცუნი, შეიძლება იყოს ნორმა, რასაც მარტივი ახსნა აქვს: ტკაცუნის მიზეზი კავიტაციის პროცესია, რაც აღნიშნავს გაზის ბუშტის ფორმირების და გასკდომის პროცესს სასახსრე სითხეში. ამ შემთხვევაში, ტკაცუნის სიხშირე დაბალია და არ ახლავს ტკივილი ან არასასიამოვნო შეგრძნებები.
მედიცინაში არსებობს ასეთი ტერმინი, როგორიცაა სახსრების ჰიპერმობილობა. ამ დროს ადამიანის თითებს, ხელებს შეუძლია ისეთი მოძრაობის შესრულება, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანი ვერ ასრულებს. ადგილზე დაბრუნებისას სახსრები გამოსცემენ ხმას, მაგრამ ტკივილი აქაც არ აღინიშნება.
თუმცა, ტკაცუნი, ზოგჯერ, სახსრების დაზიანებაზე მიგვითითებს. მაგალითად, ასეთი სიმპტომი დამახასიათებელია ართრიტისა და ართროზისთვის. ამ შემთხვევებში ტკაცუნს თან ტკივილი ახლავს. (შეიძლება სახსრებმა ადამიანის თითოეული მოძრაობისას იტკაცუნოს.)
უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს „მარილების დაგროვებაც“ ოსტეოქონდროზი. ხრტილების გამკვრივების გამო შეზღუდულია სახსრების მოძრაობა, რაც განაპირობებს ტკივილსა და ტკაცუნს.
ადამიანებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ტრავმები (ძვლების გაბზარვა, მოტეხილობები, ხრტილების დაზიანება) , ასევე სახსრის მიმდებარე ქსოვილების ანთება ხშირად უჩივიან მოძრაობების შეზღუდვას, ტკივილს და ტკაცუნს.