5 წუთი მარნეულის შესახებ - ლანა ოსიშვილის ბლოგპოსტი

Marneuli Daily

როდესაც გადავწყვიტე დამეწერა ამ რეგიონის შესახებ, გონებაში ფერადი სიზმარივით გაიშალა ღიმილიანი და ლაღი მოგონებები. რთულია ზღვა ინფორმაციის თავმოყრა, ამიტომ 5 წუთი მარნეულის შესახებ - ასე წარმოგიდგენთ. ორნამენტი, სიმეტრია, დაზგაზე მეტალის კაკუნი და ძაფების მტვერი, მშრომელი ქალები ქსოვას აყოლილი ფიქრებით - ხალიჩა როგორც კულტურა და ტრადიცია. კულტურათა საოცარი სინთეზი, შემორჩენილი ტრადიციები და მოგზაურობა საზღვრების გარეშე. დიახ, სწორდეაც რომ მოგზაურობა საზღვრების გარეშე. ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია მარნეულის როლი კულტურათა მრავალფეროვნებისთვის. აუცილებლად უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთ-ერთ მულტიკულტურულ და ტურისტულ ლოკაციად. რა ვნახო მარნეულში ? განა ცოტა რამ არის სანახავი ? - ეს არის მოგზაურობა დაუვიწყარ მხარეში, რომელიც გამორჩეულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, კულინარიული თავგადასავლებით და უამრავი საინტერესო ადამიანური ისტორიით. რაიონში ნახავთ ნახევრად-უდაბნოს, შერეულ ტყეებს და ალპურ მთებს, ქვის ხანის ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების რელიგიურ შენობა - ნაგებობებს და ციხე-სიმაგრეებს. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ძეგლები ძირითადად დაზიანებულია, დროში მოგზაურობას მაინც შეძლებთ. მარნეულში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, უახლესი აღმოჩენებით კი დასტურდება, რომ იმირის გორაზე მსოფლიოში პირველად მოაშენეს ველური ვაზი და პირველად შეავსეს ღვინით სასმისები. დარწმუნებით გეტყვით, რომ ამ ისტორიულ მხარეში კიდევ ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ. "შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთადერთი წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი." - კარგად დაიხსომეთ ციტატა და აუცილებლად ესტუმრეთ მისი ავტორის - მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს მარნეულის მუნიციპალიტეტში. სიტყვების ერთ პოსტად თავმოყრა რთულია, ამიტომ კულინარიულ თავგადასავალს მომდევნო თემად მოვიტოვებ. შეგაყვარებთ, მოგანდომებთ და აუცილებლად დაგაგემოვნებინებთ ჯერ კიდევ უცხო და არც თუ ისე ცნობილ მხარეს. ლანა ოსიშვილი თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დოკტორანტი. წყარო ; წითელი ხიდი