ამ დასკვნამ საინტერესოდ გაიჟღერა ჩემთვის, მართლაც ! „Cherchez la femme“... ყველაფრის უკან ქალი დგას, მაგრამ თავისი უბედურების უკანაც თვითონ თუ იდგა ამაზე პირველად დავფიქრდი...
ხშირად ხდება ხოლმე, როცა პრობლემაა, მის გადაწყვეტას გარეთ ვეძებთ; გამოსავალს სხვა ადამიანების ქცევის, დამოკიდებულების შეცვლაში ვხედავთ და ვეჭიდავებით. ყველგან ვიყურებით - გარდა საკუთარი თავისა. რაღაცნაირად ვერ აღვიქვამთ საკუთარი თავის მნიშვნელობას პრობლემასთან.
მე ვიტყოდი განათლება, განათლება არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ამ საკითხის...
მაგრამ არის რაღაც სხვაც...
საზღვარგარეთ ყოფნისას ბევრ რამეს სწავლობ ადამიანი, იმასთან ერთად რის სასწავლებლადაც კონკრეტულად იქ ჩახვედი. შესაბამისად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგისტრატურის კურსზე, ძალიან კარგად დავინახე, რომ ყველა სტუდენტს ნათლად აქვს წარმოდგენილი ის თუ რისთვის არიან იქ. აქვთ გააზრებულად ჩამოყალიბებული მთელი გეგმა, იციან სად იქნებიან უახლოეს 2 წელიწადში, როგორც სწავლის , ისე მათი სოციალური ცხოვრების მხრივ. თავისუფლად დგანან უამრავი საინტერესო გამოწვევების წინაშე და შესწევთ უნარი მათ მიერ არჩეულ ინტერესს სათანადოდ შეხვდნენ და მიიღონ ის, რასაც ელიან. ენერგია და მიზანმიმართულება იგრძნობა. ამის და სხვა რაღაცეების გამოც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი ხალხია ეს დასავლელები. აფასებენ ცოდნას, ძალისხმევას, მიღწევებს.
ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ბევრი გვქონდა საერთო, ბევრი რამითაც განვსხვავდებოდით.
ერთ საღამოს, ლექციების, გემრიელი ვახშმის შემდეგ, ჭიქა წითელი ღვინოს დესერტად მირთმევისას, მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით.
ზოგი ნამდვილ, ზოგიც ჰიპოტეტურ გეგმებზე... ათასი რამე ითქვა, ასეთიც, ისეთიც, თუმცა მე მენიშნა რომ ყველას ავიწყდება მთავარი! არავის გეგმაში, არც ახლო, არც შორეულ მომავალში, არ შედიოდა ოჯახის შექმნა როგორც ასეთის!
ბოლოს დავსვი სავარაუდოდ ძალიან გულუბრყვილო კითხვა :
- კი მაგრამ გათხოვებას/ცოლის მოყვანას არ აპირებთ?!
მათ ძალიან მარტივად მიპასუხეს, რომ- არა! როგორც გეგმა -მათ ეს არ აქვთ, თუ აეწყობათ ცხოვრება შესაბამისად, იფიქრებენ ამაზე, მაგრამ იდეაში, ახლა ამ გადმოსახედიდან ოჯახის შექმნა არ უნდათ.
-როგორ?! -აღმომხდა მე ფრიად შოკირებულს:
- აბა რას აპირებთ?! ოჯახი შვილები არ გინდათ?! რა უნდა აკეთოთ მთელი ცხოვრება?!
მივხვდი რომ არ ელოდნენ ჩემს ასეთ რეაქციას ამ თემაზე. არც მე ველოდი ჩემი თავისგან.
აღმოჩნდა, რომ ეს თემა - ოჯახი, გათხოვება, შვილები, იმდენად შერწყმულია ჩემს ცნობიერებაში, რომ ვერ მივხდი, რეალურად რამდენად განსაზღვრული ვარ ამ დამოკიდებულება-წარმოდგენებით.
- შენ რომ ხარ და კიდევ და და ძმა რომ გყავს - ხომ კარგია?! რატომ არ უნდა გყავდეს შენც ოჯახი და შვილები?! რას ქვია არ იცი ოჯახი გინდა თუ არა? რას ქვია შვილები არ გინდა?!- გაუჩერებლად გავიძახდი მე.
მათ კი ეცინებოდათ ჩემს ასეთ წრფელ აღშფოთებაზე. ბევრი ვიკამათეთ, უშედეგოდ.
ბოლოს მითხრეს, რომ ჩვენ ვიღებთ შენს ტრადიციულ შეხედულებებსო და ნება მოგვეცი ჩვენ ჩვენი შეხედულება გვქონდეს და გვაპატიე თუ არ გავთხოვდებით/ცოლს არ მოვიყვანთო. სასაცილო ოყო მათთვის.
ამის მერე მათ იცოდნენ ჩემი ეს მხარე და სავარაუდოდ სწავლის დამთავრების შემდეგ პირველი, რასაც ჩემგან ელოდნენ, საქორწილო მოსაწვევი იყო.
ამ უმნიშვნელო, სახალისო, სამზარეულოს დისკუსიამ ჩემთვის სხვა მნიშვნელობა შეიძინა. დავინახე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ვარ განსაზღვრული ჩემი , როგორც ქალის, როლით: ქართველი, კულტურულ-ტრადიციული ქალის როლით, რაც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ჩემს სურვილებს, არჩევანს, აზროვნებას, ქცევას, დამოკიდებულებას, მომავალს ზოგადად.
უცებ გაცხადდა ყველაფერი - კი ვისწავლე, სამსახურიც მაქვს, აქამდეც მოვედი და ვსწავლობ კიდევ, მაგრამ თურმე ჩემთვის ცხოვრების მთავარი ამოცანა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევა მაინც გათხოვება, ოჯახის შექმნა და შვილების ყოლაა!
აღმოჩნდა , რომ ემოციურად და ბოლომდე გაუცნობიერებლად არაფერს ვთვლი ამაზე მნიშვნელოვნად.
განსაკუთრებით მაინც ქალები არიან მთელი ამ სიმძაფრით დატვირთულნი, რადგან კაცისთვის სიმძაფრე ზავდება ფულის შოვნის, ზოგადად კეთილდღეობის საშუალებების მოძიებით.
აქ გამოჩნდა რამდენად წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი ჩემთვისა და ბევრისთვის, რადგან ეს არ არის გააზრებული არჩევანი - არამედ ფაქტიურად განპირობებულობაა .
რა გამოდის??! კულტურულ-ტრადიციული მოტივებიდან გამომდინარე, არ დევს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ქალის გონიერება-ნიჭიერებაში, არც მის ინტერესებს და მისწრაფებებს ენიჭება შესაბამისი წონა და მისი პროფესიონალიზმი/კარიერიზმი საერთოდ დიდად მოთხოვნადიც არაა, რადგან ყველაზე დიდი ქულა მას, მაინც, ოჯახის შექმნაში ეწერება.
არავინ ფიქრობს ნამდვილ განათლებაზე, აზროვნებაზე, ნიჭის გაღვივებაზე, წახალისებაზე, არავინ გიშლის ცხოვრების სპექტრუმს... და როცა ეს ასე ხდება - პირველ, მეორე, მესამე ან დამამთავრებელ კურსზე რომ თხოვდებიან „კარგი გოგოები“, მათთვის მართლაც არაფერია ოჯახის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანი. ამიტომ ეთმობათ ყველაფერი, სწავლაც, განათლებაც, საკუთარი ინტერესებიც, ნიჭიც, კარიერაც და აბსოლიტურად ყველაფერი ამ ქვეყანაზე...
... და აი მერე, ამ „კარგი გოგოების“ უმრავლესობა არის ჩვენი კარის მეზობელი, რომელიც ყოველ ღამე და ხანდახან დღეც, შიშის ქვეშ ითმენს, უძლებს და ეგუება ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ კედლის იქით ვისმენთ...