საცობები ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქალაქში მნიშვნელოვანი სამუშაოებით - კალაძე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისის მერი, კახა კალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თბილისის ქუჩებში საცობები ქალაქის ორ მნიშვნელოვან ნაწილში მიმდინარე სამუშაოები. მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მელიქიშვილის ქუჩასა და ქეთევან წამებულის გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება.
"საცობების ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს", - თქვა თბილისის მერმა.
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, თითქმის ორი კვირაა თბილისის ძირითად ქუჩებში, განსაკუთრებით პიკის საათებში, საცობებია. დღეში თბილისში მოძრავ ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მეტროს მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს - სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომლითაც მგზავრები ცდილობენ ასახონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს არსებული პრობლემები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32049288.html
Source: radiotavisupleba.ge