გიორგი გახარიამ ზაზა გახელაძის საქმეზე სამუშაო შეხვედრა გამართა
Tbilisi Daily
საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად დაუბრუნდეს.
“შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.