ბათუმში "კავკასიის უნივერსიტეტი" გაიხსნება
Batumi Daily
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობა იწყება. კამპუსი და სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ლარია. 1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე გათვლილი სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. დღეს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობას, რომელიც აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და რაც ყველაზე მეტად აკლდა ამ ქალაქს, იქნება საერთაშორისო დანიშნულების სკოლა, სადაც 800-ზე მეტი მოსწავლე შეძლებს თანამედროვე განათლების მიღებას. ეს არის შესაძლებლობა, როგორც ბათუმელი ახალგაზრდებისთვის, მთლიანად რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე განათლებაზე. ეს არის მეტი საერთაშორისო სტუდენტის მასპინძლობის საფუძველი“- თქვა მან.
"კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის პროექტზე იმუშავა მულტიდისციპლინარულმა საპროექტო სტუდია “ქომ ჰაივ”-მა, პროექტის არქიტექტურისა და დიზაინის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიტა ჭანჭალეიშვილი
კამპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია “დომსონი” უზრუნველყოფს, რომლის დამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ვადაქარიაა." - წერია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე."
კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება – კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში