ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი დღეს დასრულდება
Tbilisi Daily
ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი დღეს დასრულდება. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების და მათი მძიმე შედეგების საკითხს დღის წესრიგში კვლავ დააყენებს.
განიხილავენ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი კი კვლავ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე გაკეთდება, მათ შორის ირაკლი ბებუას დაკავების საკითხზე, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ფონია მოლაპარაკებათა პროცესის წინ, პირველ რიგში ეს არის ის ნაბიჯები რომელთაც რუსეთის ფედერაცია დგამს ფაქტობრივი ანექსიისკენ ოკუპირებული ტერიტორიების, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს წინასწარი მოლაპარაკებები ჰქონდა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ასევე ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან.
„დაკავებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერაცია ყოველთვის რაუნდების წინ სამწუხაროდ, გარკვეულ პროვოკაციებს მიმართავს. მოგეხსენებათ, მუშაობა მიდის ორ ჯგუფში, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ჯგუფში, რომელშიც მთავარი წამყვანი თემა იქნება დაკავებები და ადამიანი უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.