ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია - სუსის ანგარიში
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141620
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია სუსის ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტში შევიდა.
42-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სხვადასხვა საკითხს მოიცავს, აღნიშნულია, რომ ცენტრის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცენტრის საქმიანობასთან ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების დაკავშირების მცდელობას.
„წარმოადგენს რა ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად შემადგენელს, ეს კვლევითი ცენტრი წლების განმავლობაში საინფორმაციო თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ცენტრის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღო 2019 წლის დასაწყისში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცენტრის საქმიანობასთან ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების დაკავშირების მცდელობას.
ამ კამპანიას რამდენიმე მიზანი ამოძრავებდა: საქართველოს მოქალაქეებში პროგრესის, მეცნიერული და ტექნოლოგიური განვითარებისადმი შიშის დათესვა; საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული უარყოფითი განწყობების გაღვივება და ზოგადად, დასავლური სამყაროს „დემონიზება“; საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირება.
კვლევით ცენტრზე მასშტაბური საინფორმაციო თავდასხმები, ისევე, როგორც ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სხვა ეროვნული პროგრამების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა, სხვადასხვა გამოწვევის გარდა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია ანგარიშში.