მოწინავე კომპიუტერებმა უკვე დაამარცხეს ჭადრაკის დიდოსტატები და ისწავლეს ისიც, როგორ ამოიცნონ წარმოუდგენლად დიდ მონაცემებში სახეები და ხმები. ამჯერად, პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი მილიარდერი უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს რათა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ამჟამინდელი და სამომავლო პანდემიების შეჩერება.
ხელოვნური ინტელექტის კომპანია C3.ai-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თომას სიბელი აცხადებს, რომ საჯარო-კერძო კონსორციუმი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 367 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს ახალი კორონავირუსის შეჩერების გზების საპოვნელად.
„ვერ წარმომიდგენია, სხვა რა უფრო მნიშვნელოვან საქმეში უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი“, — ამბობს სიბელი ინტერვიუში.
ახალ კვლევით კონსორციუმს C3 ციფრული ტრანსფორმაციის ინსტიტუტი (C3.ai Digital Transformation Institute) ეწოდა და მასში ჩაერთნენ პრინსტონის უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები, თავად C3.ai და Microsoft-ი. პროგრამის მიზანია, უდიდესი სოციალური პრობლემების გადაჭრაში ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული მოწინავე მეცნიერები ჩართოს. მათი პირველი გამოწვევა პანდემია იქნება.
ახალი ინსტიტუტი პათოგენების გავრცელების შესანელებელ ახალ გზებს მოძებნის, დააჩქარებს სამკურნალო საშუალებების შექმნას, შექმნის ახალ პრეპარატებს და ძველებს ახლებურად მოსინჯავს, დაგეგმავს კლინიკურ ცდებს, იწინასწარმეტყველებს დაავადების ევოლუციას, შეაფასებს ინტერვენციების ფასეულობას, გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიებს და უკეთეს გზებს მოძებნის სამომავლო ინფექციურ ეპიდემიებთან საბრძოლველად.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია 1tv.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#headline