https://primetime.ge/marneuli-karantinshia-vin-zrunavs-quchashi-sakvebis-gareshe-darchenil-tskhovelebze/
უკვე მეექვსე დღეა, მარნეულის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული და ქალაქში ადამიანები ნაკლებად გადაადგილდებიან. ქუჩაში დარჩენილი ცხოველები კი საკვების გარეშე დარჩნენ.
მარნეულის სოფელ ხიხანში მცხოვრები ნანა გაბაიძე წლებია უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს, რაშიც მოხალისეები ეხმარებიან.
„ქალაქში დაახლოებით ორმოცდაათი ძაღლია რომელთაც დახმარება, ახლა მითუმეტეს, ძალიან სჭირდებათ. საკვებისთვის ზოგი თანხას გვაწოდებს, ზოგი ტრანსპორტით გვეხმარება. ცხოველებს კიდეც ვმკურნალობთ მალამოებით და სხვა საჭირო საშუალებებით. დღეს კარანტინის მეექვსე დღეა. რაიონში რა თქმა უნდა ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს და ვერ მივდივარ ქალაქამდე, თუმცა დამიკავშირდა ერთ-ერთი ახალგაზრდა, ნატა მარალაშვილი, და მითხრა დღეს მან დააპურა ცხოველები“ , - ჰყვება მარნეულელი.
26 წლის ნატა მაღალაშვილი მარნეულის ერთ-ერთ ბანკშია დასაქმებული. ის „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ცხოველებს არა მარტო ახლა, წლებია კვებავს. ვეტერინარებთანაც დაყავს საჭიროების შემთხვევაში და ამას ძირითადად საკუთარი ხარჯებით აკეთებს.
„ყოველ დღე ვცდილობ ამ ძაღლებზე ზრუნვას. მთელ ქალაქში დავდივარ, ვაჭმევ, წამლებს ვასმევ, მალამოსაც ვუსვამ, რომელსაც ჭირდება. შექმნილ სიტუაციაში მითუმეტეს ცხოველებს ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ. დღეს ერთი ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მასაც აქვს სურვილი ცხოველების გამოკვებაში მონაწილეობა მიიღოს.. ასე რიგ რიგობით ერთმანეთს მოველაპარაკებით და ვზრუნავთ ქუჩაში დარჩენილ ძაღლებზე“, – ამბობს მაღალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
ავტორი: მარიამ ქველაძე