კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო უცნობია

Tbilisi Daily

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო უცნობია. „14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდანაა, ესაა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ერთია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო. მათთან გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 12 ივნისს დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ვირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა, დღეს კი ინფიცირებულთა რაოდენობას 8 ადამიანი შეემატა, 5 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3026 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 297.