სოფელ კაბალში მოხსნეს და დაამტვრიეს "ჭკვიანი კამერა", რომელიც მძღოლებს აჯარიმებდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში მოხსნეს და დაამტვრიეს "ჭკვიანი კამერა", რომელიც ყოველდღიურად აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონდარღვევაზე ჯარიმებს წერდა. კამერა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა. კამერა, რომელიც ღვედის გარეშე მოძრავ მძღოლებსა და ტექდათვალიერების არმქონე მანქანებს აფიქსირებდა, 15 ივნისის ღამეს მოხსნეს. რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ადგილობრივი ეუბნება, რომ ამ კამერით ათეულობით ადამიანს აჯარიმებდნენ ყოველდღიურად, მათ შორის იმ კაცსაც, რომელიც ახლა ამ საქმეზეა დაკავებული. "ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც ბევრჯერ იყო დაჯარიმებული, კამერა ღამით ბოძიდან ჩამოხსნა, შემდეგ დაამტვრია და კამერასთან ერთად მიიმალა. როგორც ჩანს, ამით პროტესტი გამოთქვა ჯარიმებზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთი კაცი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ეხება - სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ანდა ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა. ახალი "ჭკვიანი კამერა" ამ დრომდე არ არის დაყენებული. https://www.radiotavisupleba.ge/a/31904063.html

Source: radiotavisupleba.ge