რას გვასწავლის ფილოსოფიის ისტორია?

0
როგორც ცნობილია, ნეოკანტიანელობა თანამედროვე ფილოსოფიის გაბატონებულ მიმდინარეობას წარმოადგენს. კანტის შესახებ შექმნილი ლიტერატურა წარმოუდგენელ ზომამდე გაიზარდა. მაგრამ თუ კანტის შესახებ დაწერილის კოლოსალურ მასაში შევეცდებით გარკვევას და დავსვამთ კითხვას, თუ რა დაგვრჩა ჩვენ მისი მოძღვრებიდან, მაშინ ჩვენდა გასაკვირად მოგვიწევს შემდეგი პასუხის გაცემა: სრულიად არაფერი. არის კანტის უჩვეულოდ, გაუგონრად დიდი სახელი და, იმავდროულად, არც ერთი კანტიანური თეზისი, რომელიც განუმარტავი სახით არის შემორჩენილი ჩვენს დრომდე. მე ვამბობ განუმარტავი ფორმით, რადგან განმარტება არსებითად თვითნებური სახეცვლაა, რასაც ხშირად გარეგნული მსგავსებაც დაკარგული აქვს ორიგინალთან. ასეთ განმარტებებს სათავე ჯერ კიდევ კანტის სიცოცხლეში დაედო და პირველი მაგალითი ფიხტემ მოგვცა. აღნიშნულზე კანტის რეაქცია ცნობილია: იგი ითხოვდა, რომ მისი მოძღვრება არა სულის მიხედვით, არამედ სიტყვასიტყვით გაეგოთ. რასაკვირველია, კანტი სრულიად მართალი გახლდათ. ორიდან ერთი: ან ისეთად მიიღე მისი მოძღვრება, როგორიც არის ან საკუთარი შექმენი. მაგრამ ყველა იმ მოაზროვნის ბედი, ვისაც ეპოქებისთვის საკუთარი სახელის წოდება ხვდა წილად, ასეთია: მათ განმარტავდნენ ანუ სახეს ისე უცვლიდნენ, რომ მისი ცნობა შეუძლებელი ხდებოდა. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ირკვეოდა, რომ მათი იდეები იმდენად იყო წინააღმდეგობებით დახუნძლული, რომ თუ ისეთი ფორმით ავიღებდით, როგორც მათ საკუთარი შემოქმედი დატოვეს, აბსოლუტურად მიუღებლები იქნებოდნენ. მართლაც, ყველა ის კრიტიკოსი, რომელიც წინასწარ არ იღებდა გადაწყვეტილებას, რომ მართლმორწმუნე კანტიანელი ყოფილიყო, ასკვნიდა, რომ კანტს არც ერთი საკუთარი დებულება არ დაუსაბუთებია. უფრო აქცენტირებულად თქმაც შეიძლება: სწორედ იმის გამოისობით, რომ კანტს ცენტრალური ადგილი ეკავა და, საკუთარი პერსონისადმი ზედმეტ ყურადღებას იპყრობდა და საგულდაგულო კრიტიკის ობიექტადაც კი იქცეოდა, გამოაშკარავდა ის, რაც შესაძლოა მანამდეც გვცოდნოდა: მისი მოძღვრება სრულად წინააღმდეგობებისგან შედგება. კანტის ას წელზე მეტი ხნის განმავლობისას შესწავლის შედეგი ორი სიტყვით შეიძლება იქნას რეზიუმირებული: მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე აღმაშფოთებელ წინააღდეგობებს არ უფრთხოდა, მან ოდნავ მაინც დამაჯერებლად საკუთარი მოძღვრების სისწორის დასაბუთება ვერ შეძლო. გონების უდიდესი ძალისა და სიღრმის, დებულებათა ორიგინალურობის, გამბედაობისა და მახვილგონიერების გათვალისწინებით მან ვერაფერი მოგვცა ისეთი, რაც უდაოდ ჩაითვლებოდა ფილოსოფიის პოზიტიურ შენაძენად. ხაზს ვუსვამ, რომ მე ჩემს შეხედულებას არ გადმოვცემ: მე მხოლოდ ვაჯამებ კანტის გერმანელ კრიტიკოსთა ნააზრევს, სწორედ მათ, რომლებმაც მას ბრინჯაოს უმტკიცესი ძეგლი შეუქმნეს. იგივე, რაც კანტის, შეგვიძლია ვთქვათ ფილოსოფიური აზრის ყველა დიადი წარმომადგენლის შესახებ, დაწყებული პლატონითა და არისტოტელეთი და დამთავრებული ჰეგელით, შოპენჰაუერითა და ნიცშეთი. მათი ქმნილებები აზრის ძალმოსილებით, სიღრმით, გამბედაობით, მშვენიერებითა და ორიგინალურობით ჩვენს გაოცებას იწვევენ. სანამ მათ ქმნილებებს კითხულობ, გეჩვენება, რომ მათ ბაგეთაგან მხოლოდ ჭეშმარიტება ცვივა! მათ არაფრისა სწამდათ იქედან, რისი რწმენა ადამიანებს ჩვეულებად ექცათ. მათ ყველაფერში მეთოდურად შეჰქონდათ ეჭვი, ყველაფერს ათჯერ, ასჯერ წონიდნენ. მსხვერპლი? რა მსხვერპლის ფასად ხდებოდა ეს ყველაფერი: საკუთარ სიცოცხლეს სწირავდნენ ჭეშმარიტებას - არა სიტყვით, არამედ საქმით. თუმცა შედეგი იგივეა, რაც კანტთან: ვერც ერთმა ვერ მოახერხა სისტემის შექმნა, რომელიც შინაგან წინააღმდეგობათაგან იქნებოდა თავისუფალი. უკვე არისტოტელე აკრიტიკებდა პლატონს, სკეპტიკოსები - ორივე მათგანს, და ასე გრძელდება ჩვენს დრომდე, ყოველი ახალი მოაზროვნე ებრძვის წინამორბედებს, ამხელს მათ წინააღმდეგობებსა და ცთომილებებში, თუმცა კარგად იცის, რომ თავადაც ასეთი ბედი ხვდება წილად. ფილოსოფიის ისტორიკოსები ტყავში ძვრებიან, რათა მიჩქმალონ ფილოსოფიური შემოქმედების ეს ყველაზე მეტად ხილული თვისება, რომელიც აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. პროფანებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ უყვართ ფიქრი და ამიტომ სურთ სძულდეთ ფილოსოფია, ფილოსოფოსებს შორის ერთიანობის არარსებობა იმის საბუთად მოაქვთ, რომ ფილოსოფიის შესწავლა არ ღირს. ერთიცა და მეორეც ცდება. ფილოსოფიის ისტორია არა მხოლოდ არ აღგვიძრავს აზრს რომელიმე იდეის მემკვიდრეობითი ევოლუციის შესახებ, არამედ პირიქით, ხილულად გვარწმუნებს საწინააღმდეგოში: ფილოსოფოსებს შორის არასოდეს არსებულა, არ არსებობს და არც იარსებებს სწრაფვა ერთიანობისკენ. როგორც ჩანს, მომავალშიც ვერ იპოვნიან ისინი წინააღმდეგობისგან თავისუფალ ჭეშმარიტებას, რადგან ისინი ჭეშმარიტებას, როგორც ეს სიტყვა მეცნიერებასა და ადამიანებს ესმით, არ ეძებენ, წინააღმდეგობები კი მათ არა თუ აფრთხობენ, არამედ იზიდავენ. კანტის ფილოსოფიის კრიტიკას შოპენჰაუერი ვოლტერის სიტყვებით იწყებს: „დაუსჯელად დაშვება დიადი შეცდომებისა - გენიოსთა პრივილეგიაა“. ვფიქრობ, სწორედ აქ იმალება ფილოსოფიური გენიოსის ამოცანის გასაღები. იგი დიად, უდიადეს შეცდომებს უშვებს დაუსჯელად. მეტიც, შეცდომებს მას დამსახურებად უთვლიან, რადგან საქმე არა მის ჭეშმარიტებასა ან შეხედულებებშია, არამედ თავად მასში. როდესაც თქვენ ისმენთ პლატონისგან, რომ ჩვენთვის ხილული ცხოვრება მხოლოდ ჩრდილია; როდესაც ღვთით დაბანგული სპინოზა მარად აუცილებლობას ასხამს ხოტბას; როდესაც კანტი აცხადებს, რომ გონება კარნახობს ბუნებას კანონებს - თქვენ არც კი ცდილობთ გადაამოწმოთ, მართებულია თუ არა მათი მსჯელობა. თქვენ თითოეულ მათგანს ეთანხმებით, რასაც არ უნდა ამბობდეს ის, სულში კი ერთადერთი კითხვა გიჩნდებათ: ვინ არის ის, როდესაც ისე საუბრობს, როგორც ხელისუფალი? შემდგომში თქვენ შიშით, შესაძლოა ზიზღითა და აღშფოთებით, და სრულიად გულგრილად მოიშორებთ მათ ყველა ჭეშმარიტებას. თქვენ არ იქნებით თანახმა აღიაროთ, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩრდილია რეალური სინამდვილისა; თქვენ აღგაშფოთებთ სპინოზას ღმერთი, რომელსაც არ შეუძლია სიყვარული, მაგრამ ითხოვს სიყვარულს; კანტის კატეგორიული იმპერატივი თქვენ ყინულოვან ურჩხულად მოგეჩვენებათ, - მაგრამ თქვენ არასოდეს დაივიწყებთ პლატონს, სპინოზასა და კანტს და მარად მადლიერი იქნებით მათი - მათ გაიძულეს გერწმუნათ, რომ მოკვდავებისაა ძალაუფლება. მაშინ მიხვდებით, რომ ფილოსოფიაში არ არსებობს ცთომილება-წინააღმდეგობანი; რომ ცთომილება-წინააღმდეგობანი მისთვისაა, ვისზეც მეფობს უზენაესი ძალა, კანონი და ნორმა. ფილოსოფოსები კი თავად ქმნიან საკუთარ ნორმებსა და კანონებს: ამას გვასწავლის ჩვენ ფილოსოფიის ისტორია, ეს არის ის, რისი გაგება და გადამუშავება ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს. მე უკვე ვთქვი, რომ ფილოსოფიის ისტორიკოსებს სრულიად განსხვავებული აზრი გამოაქვთ დიად ადამიანურ ქმნილებათა შესწავლიდან.
0