რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე დღეში ამუშავდება.

0
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე დღეში ამუშავდება. ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე დღეში ამუშავდება და შეძლებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მიღებას. კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებასა და მომსახურებას ხელს შეუწყობს საავადმყოფოს ის 100 ადგილი, რომლის ამოქმედებაც იგეგმება. ამასთან, საავადმყოფოს გადაეცა ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ინფიცირებულთათვის. არსებული ინფორმაციით საავადმყოფოს აღჭურვა შესაბამისი ნივთებით რამდენიმე დღეში დასრულდება. საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100 ადგილიანი საერთო საცხოვრებელი პაციენტთა ოჯახის წევრებისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას აკეთებს : „ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე რეგიონში იფუნქციონირებს საკარანტინო ზონები. ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ ეს ყველაფერი. მოვუწოდებ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს და ექიმს - სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციაზე. ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინო ზონა, საკარანტინო ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია”, - აღნიშნა პრემიერმა.
#ზუგდიდი
#რუხი
#საავადმყოფო
#კორონავირუსი
#აღჭურვილობა
#პრემიერი
#საერთოსაცხოვრებელი
#zugdididaily
0