სიკეთისა და ბოროტების მიღმა წიგნი, რომელში უდიდესი თვითგვემაა!

0
ის, რაც გვიბიძგებს, რომ ყველა ფილოსოფოსს ნაწილობრივ უნდობლად, ნაწილობრივ კი დამცინავად ვუმზიროთ, იმით კი არ არის გამოწვეული, რომ ჩვენ გამუდმებით გვიწევს იმაში დარწმუნება, თუ რამდენად უცოდველნი არიან ისინი, რამდენად ხშირად და რა სიმსუბუქით ცდებიან და იბნევიან ისინი, ერთი სიტყვით, არა მათი ბავშვურობა და ბავშვური მიამიტობა, არამედ ის გარემოება, რომ ისინი არ არიან საკმარისად პატიოსნები. როდესაც ისინი ერთსულოვნად იწყებენ დიდ და ღირსებით სავსე ხმაურს, მყისვე ჭეშმარიტების პრობლემას ეხებიან, თუნდაც მხოლოდ შორიდან. ისინი ერთხმად თავს აჩვენებენ ისეთ ადამიანებად, რომლებმაც საკუთარი შეხედულებები თითქოს ცივი, წმინდა, ღვთაებრივად უზრუნველი დიალექტიკის თვითგანვითარების გზით აღმოაჩინეს (ყველა ხარისხის მისტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც მათზე პატიოსნები და მოუქნელები არიან. ეს უკანასკნელნი „შთაგონების“ შესახებ საუბრობენ). სინამდვილეში ისინი რეტროსპექტულად გამოძებნილი საფუძვლებით იცავენ რომელიმე წინასწარ ჩამოყალიბებულ დებულებას, უეცარ აზრს, „ჩაგონებას“, დიდწილად კი ეს არის აბსტრაჰირებული და გაწმენდილი გულწრფელი სურვილი. – ყველა ისინი ადვოკატები არიან, რომლებსაც არ სურთ, რომ ასე იწოდებოდნენ, უმეტესწილად კი – თავიანთი ცრურწმენების (რომლებსაც ისინი „ჭეშმარიტებებს“ უწოდებენ) გაქნილი ვექილები. – ისინი ძალიან შორს არიან სინდისის სიმამაცისგან, რომელიც საკუთარ თავთან სწორედ ამას აღიარებს. ისინი ძალიან შორს არიან სიმამაცის სათანადო გემოვნებისგან, რომელიც ამ გარემოებას სხვებსაც აგებინებს: იმისთვის, რომ მეგობარი ან არაკეთილმოსურნე გააფრთხილოს, ან კიდევ ქედმაღლობიდან გამომდინარე და საკუთარი თავის გაქილიკებისთვის. მოხუცი კანტის ტარტიუფობა, იმდენადვე ხისტი, რამდენადაც ზნეკეთილი, რომლითაც ის იმ იდუმალ დიალექტიკურ ბილიკებზე გვიტყუებს, მისი „კატეგორიული იმპერატივისკენ“ რომ გვიტყუებენ (უფრო სწორად, გვაცდუნებენ) – ეს სანახაობა, ჩვენში, განებივრებულ ადამიანებში, ღიმილს იწვევს, რადგან ჩვენ მცირედ სიამოვნებასაც კი ვერ ვიღებთ მოხუცი მორალისტებისა და ზნეობის მქადაგებლების ნატიფ ხრიკებზე დაკვირვებიდან. ან კიდევ, ეს ფოკუსი მათემატიკური ფორმით, რომლითაც სპინოზამ შეჯავშნა და შენიღბა საკუთარი ფილოსოფია, საბოლოო ჯამში, „საკუთარი სიბრძნის სიყვარული“ (თუკი ამ სიტყვას სწორად და ზუსტად განვმარტავთ), რათა იმთავითვე შეერყია თავდამსხმელის სიმამაცე, რომელიც გაბედავდა, მზერა ეტყორცნა ამ დაუმარცხებელი ქალწულისა და ათენა პალასისთვის. რამდენად დიდ პიროვნულ გაუბედაობას და მოწყვლადობას ამჟღავნებს სნეული განდეგილის ეს მასკარადი!
0