საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აფხაზეთში ქორწილებს იხდიან

0
სოხუმმა 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მანამდე საკარანტინო შეზღუდვები დააწესა, მაგრამ მიუხედევად ამისა, აფხაზეთში ხალხმრავალ ქორწილებს იხდიან. შესაბამის ინფორმაციას სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები ავრცელებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ: „მიუხედავად საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისა, მრავალრიცხოვან ქორწილებს მართავენ, მაგალითად დღეს, ოჩამჩირის რაიონში იყო ქორწილი, მიუხედავად იმისა, რომ რაიონის ხელმძღვანელმა გააფრთხილა ისინი, ეს ადამიანები უკიდურესად უცნაურად მოიქცნენ! მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ ვებრძოლოთ ასეთ უვიცობას და საკუთარი ხალხის მიმართ უპატივცემულობას“, – წერს ფეისბუკის მომხმარებელი. ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელიც მოქალაქემ მობილური ტელეფონით დღეს სოხუმის ცენტრში გადაიღო, ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ ნეფე-დედოფლის გარშემო შეკრებილი სტუმრები. ამ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლები შემდეგი კომენტარებით გამოეხმაურნენ: „რაც არ უნდა მძიმე იყოს, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს დაუდევრობას და სიბეცეს საზღვარი არა აქვს! მართლაც რომ ლხინია ჟამიანობის დროს! ახალგაზრდებს ბედნიერებას ვუსურვებ! საით მივექანებით?“ „აფხაზეთი ამ გლობალურ პრობლემას გვერდს ვერ აუვლის, და ჩვენი მედიცინის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის წარმოდგენისაც კი მეშინია, თუ რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა… სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მიიღო ვირუსმა ასეთი მასშტაბები იტალიაში!“ „კარანტინის ერთი დღე დაარღვიეს, მაშინ, თუ ასეა, არჩევნებიც უნდა გადაგვედო, ვინ იცის, ჯერ 14 დღე არ გასულა, იმედია, გადავრჩით ამჯერად“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსისგან, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გარდა ამისა, სოხუმმა დღეიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვები 20 აპრილამდე წესდება. https://primetime.ge/sagangebo-mdgomareobis-miukhedavad%c2%a0afkhazetshi-qortsilebs-ikhdian/
0