დღეს, 31 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სკოლას, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საჩუქრად წიგნები გადასცა. გიორგი კეკელიძემ სოფელ დიოკნისის, დაშტაფასა და ხოჯორნის საჯარო სკოლებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა ჩაუტანა. როგორც ის რადიო "მარნეულთან" საუბარში ამბობს, მსგავსი აქტივობები ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენ მსგავს აქტივობას წლებია ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მარნეულში სპეციალური პროექტიც კი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ახლა ახალქალაქში ვახორციელებთ. პროექტი გულისხმობს ყველა სოფელში ქართული ბიბლიოთეკის მოწყობას, რომელიც მხოლოდ ქართულენოვან ლიტერატურას არ მოიცავს. ჩვენი მთავარი მიზანია დავუახლოვდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი თუ სხვა ეთნოსის წარმომადგენელი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს" - თქვა გიორგი კეკელიძემ.
სოფელ დაშტაფას საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის, ნატალი სამხარაძის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ ჩამოტანილ წიგნებს სკოლა აქტიურად გამოიყენებს.
"გიორგი კეკელიძე ზრუნავს ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე და წიგნიერებაზე. ამას, ჩვენს სკოლაში დღევანდელი მისი ვიზიტიც ადასტურებს. ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიამდე შევთანხმდით, რომ ჩამოვიდოდა ჩემს სკოლაში და მოსწავლეები შეძლებდნენ მის გაცნობას . მინდოდა ჩემს მოსწავლეებს გაეცნოთ ქართველი მწერალი და ჩემი ინიციატივით დავუკავშირდი, რაზეც პირველივე დღესვე დამთანხმდა. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ ეს შეხვედრა და მის ნაჩუქარ წიგნებს ერთად წავიკითხავთ" , - ამბობს ნატალი სამხარაძე
გიორგი კეკელიძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, წიგნებს მარნეულის სხვა სკოლებსაც გადასცემენ.
წყარო : რადიო მარნეული
#ახალიამბები