“ვთხოვ ექიმებს, ნუ გადმოერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიებსა თუ ბოლომდე უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობაში”

0
http://pirveliradio.ge/?newsid=140136 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არავინ მოთხოვოს ეპიდემიოლოგებს მთავრობის შეცდომებზე საჯაროდ ისაუბრონ. მელია ასევე, დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა: „პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“. "ნუ ვთხოვთ ეპიდემიოლოგებს საჯაროდ ისაუბრონ ამ მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, არ ისაუბრებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე უკეთ ხედავენ ამ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ამ შეცდომებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ, იმედია ისევ და ისევ ჩვენი სიმშვიდის გამო - რომ არ გამოიწვიონ პანიკა. უკვე ფაქტია, რომ ხელისუფლება სამ ადამიანს - ბატონ ცერცვაძეს, განსაკუთრებით კი ბატონ იმნაძეს და გამყრელიძეს - ფარად იყენებს. ვხედავთ ამასაც, მაგრამ არ ვიმჩნევთ. ჩემი თხოვნა იქნება, არ შევიმჩნიოთ. ვაცადოთ მათ ეპიდემიასთან ბრძოლა, ახლა მთავარია ვძლიოთ ვირუსს! მოკრძალებულად ვთხოვ ექიმებს, ნუ გადმოერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიებსა თუ ბოლომდე უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობებში. ოპოზიციაზე განცხადებების კეთებაც პოლიტიკაში ჩართვაა, რაც მათ თითქოს კატეგორიულად არ სურთ და კარგი იქნება, თუ სრულად დისტანცირდებიან პოლიტიკური პროცესებისგან და პოლიტიკური შეფასებების კეთებისგან. მთლიანად გაუგებარია, როცა ჟურნალისტს, ბევრისთვის აქტუალურ საკითხზე აქვს კითხვა და პასუხს ითხოვს და ექიმს კი 2009 წელზე და დაჭერებზე გადააქვს საუბარი! არა თუ გაუგებარია, პარადოქსული და აბსურდულიცაა. ამ ვითარებაში ვის აინტერესებს ეს, რა შუაშია?! რაც მთავარია, რომ გადავრჩეთ - დავრჩეთ სახლში!"-წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
0