„მე არაერთხელ გამღვიძებია ღამით და გალაკტიონი მომლანდებია. მე აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ერთი ამბავი: ირაკლი აბაშიძე, სერგი ჭილაია და მე სამკურნალო კაბინეტში შევდიოდით შალვა დადიანის გამოსასვენებლად, გალაკტიონი ფოიეს ერთ კუთხეში იჯდა, დამინახა თუ არა, წამოდგა და კოცნა მომინდომა, მე მას არ ვაკოცე და ცივად გავეყარე. შემეშინდა, დიდხანს არ გამაჩეროს მეთქი.
ეს დამრჩება სანანებლად მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე, რომ მე არ მეყო შორსმჭვრეტელობა და მასთან არ დავყოვნდი იმ დღეს.
მერმე ის იყო იმ დღეს დაგვეღუპა, გალაკტიონი. ჩვენი სასიქადულო დიდი გალაკტიონი. ჩვენი უბედურება ის არის, როცა დიდი ადამიანი ცოცხალი გვყავს, არაფრად ვაგდებთ მას, როცა გაგვეცლება, ვტირით.
გალაკტიონის შემოქმედების შესახებ რა უნდა ვთქვა ნაუცბადევად ახლა.
საქართველო მუდამ იამაყებს სამი დიდი ქართველის სახელით: ესენი გახლავთ რუსთაველი, ვაჯა-ფშაველა და გალაკტიონ ტაბიძე.
მე პირადად, ასე თუ ისე, ვიცნობ მსოფლიო პოეზიას და გალაკტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც ჩვენს პლანეტას არ მოეპოვება.
იგი ვირტუოზია არა მარტო ლექსისა, ქართული ენის დიდი შემოქმედიცაა. ქართული ენა მის ხელში მორჩილია როგორც გადნობილი ცვილი... არსად იგი ძალას არ ატანს ენას.
ის ღმერთების სწორია და ქუხილის ნაკადი, მას შერჩება გლორია, ჩვენ კი ცრემლის ნაკადი.“
#opinion
#art
#photo