მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდებარეობს. მონასტრის გზა ოთხივე სეზონზე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა.
მკვლევრებისა და ისტორიკოსთა აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო. ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. ერთ-ერთი თქმულების თანახმად კი, ნაწამები ბერების სისხლი დღემდე შესამჩნევია სისხლისფერ ქვებზე.
XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.
#მწვანემონასტერი
#ისტორია
#ეკლესია
Borjomi