ჩეჩნეთის ხელისუფლება კვლავ ალაპარაკდა საქართველოსთან გზის მშენებლობის აუცილებლობაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩეჩნეთის ხელისუფლება კვლავ ალაპარაკდა საქართველოსთან გზის მშენებლობის აუცილებლობაზე. „ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ამიტომ გროზნო-შატოი-იტუმ კალე-შატილის გზის მშენებლობას ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს“,- განაცხადა ჩეჩნეთის ეკონომიკური, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა. მისი სიტყვებით, ჩეჩნეთის მთავრობამ ამ საკითთან დაკავშირებით წერილობით არაერთგზის მიმართა ფედერალურ ცენტრს. შაპტუკაევი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვს „ეს საკითხი საგანგებო კონტროლი აქვს აყვანილი“. „ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განკარგულებით ეს საკითხი პრიორიტეტების კატეგორიაშია. დღეისათვის ჩეჩნეთის მთავრობის მიერ გაწეულია სამუშაო ამ გზის მშენებლობის აუცილებლობის დასაბუთების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს „ჩრდილო-სამხრეთის“ სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას ისეთი დიდი კვანძის ჩათვლით, როგორიც არის იტუმ კალე-შატილის მარშრუტი“, - დასძინა შაპტუკაევმა. „გროზნო-ინფორმი“ წერს, რომ შაპტუკაევმა გზის მშენებლობის ვადებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა. "ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები განსაზღვრული არაა, ვიმედოვებთ, რომ უახლოეს მომავალში განისაზღვრება. კითხვაზე კი, თუ რომელი უწყებები მიიღებენ მშენებლობაში მონაწილოებას, პასუხის გაცემას შევძლებთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის დირექტივას მივიღებთ“, - დასძინა მან. „გროზნო-ინფორმის“ წერს რომ "რუსეთ-საქართველოს შორის გზის მშენებლობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს, გაამყარებს საერთაშორისო ურთიერთობებს და შეამცირებს სასაქონლო გადაზიდვის სატრანსპორტო ხარჯებს რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში“. თბილისში არაერთხელ განაცხადეს, საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის დაკმაკავშირბელი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი საქართველოს მხრიდან არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში. მარტში ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ტყუილი უწოდეს ინფორმაციას, რომ საქართველო პროექტის განხორცილებას უშვებს. ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს მარტის სხდომაზეც განიხილეს, რომელიც გროზნოში ჩატარდა. უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და რამზან კადიროვმა ისაუბრეს გზის „სტრატეგიულ“ და მის მნიშვნელობაზე უცხო ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად. როსავტოდორის ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა 2018 წელს გზის მშენებლობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ მისი დეპარტამენტი იმუშავებს ჩეჩნეთიდან საქართველოში ავტომაგისტრალის ფედერალური მნიშვნელობის ობიექტების სიაში შეყვანის საკითხზე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31878406.html

Source: radiotavisupleba.ge