იკიგაი - იაპონური სიტყვაა და ნიშნავს “ცხოვრების აზრს”. ავტორმა დენ ბიუტნერმა, ხანგრძლივ კვლევაზე დაყრდნობით, თავის ნაშრომში “The Blue Zones: Lessons for Living Longer from the People Who've Lived the Longest” მსოფლიოს ხუთი ძირითადი რეგიონი აღწერა, სადაც სიცოცხლისუნარიანობის განსაკუთრებულად მაღალი კოეფიციენტი აღინიშნება. რეგიონებში იაპონიის ერთ-ერთი შორეული კუნძული ოკინავაც მოხვდა. კუნძულზე ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 92 წელია, ხოლო მამაკაცების - 88. ოკინავას მოსახლეობა ძირითადად ზღვის პროდუქტებით, ბოსტნეულით და ხილით იკვებება, აქტიურად მისდევენ ტაი ჩის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების პრაქტიკას, მაგრამ მათთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ცხოვრების უნიკალური კონცეფციაა - იკიგაი.
კონცეფციის მიხედვით, იკიგაის განსაზღვრა საკუთარი თავისთვის მარტივი შეკითხვების დასმით იწყება:
* რა წარმოადგენს გაღვიძებისას ჩემს უმთავრეს მოტივაციას?
* რა არის ჩემი ცხოვრების საზრისი?
იკიგაის ფილოსოფიის მიხედვით საკუთარი თავის შეცნობა მნიშვნელოვანია საყვარელი საქმიანობის, სიხარულის მიმნიჭებელი ჰობის განსაზღვრისთვის და გვეხმარება სრულყოფილი და ბალანსირებული ცხოვრების მიღწევაში. იკიგაი ინდივიდუალურია და შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთგული მეგობრობის უნარს, ისე კულინარიულ შესაძლებლობებს, ადამიანების დახმარების სურვილს, ხატვის ნიჭს და ა.შ.
იაპონურ კულტურაში იკიგაის მიღწევა საქმიანობის ოთხი ასპექტის გადაკვეთის შედეგად მიიღწევა:
1) საქმისადმი სიყვარული (რამდენად გვიყვარს ჩვენი საქმიანობა)
2) პროფესიონალიზმი (რამდენად კარგად გამოგვდის ჩვენი საქმე), 3) შემოსავლის წყარო (რამდენად კმაყოფილი ვართ შემოსავლით),
4) სამყაროსთვის შექმნილი ფასეულობა (რამდენად ღირებულ საქმეს ვაკეთებთ სამყაროსთვის/საზოგადოებისთვის).
კუნძულ ოკინავაზე მიაჩნიათ, რომ თუ იკიგაის აღმოაჩენ, პენსიაზე გასვლა “არ გემუქრება”, რადგან ცხოვრების ბოლომდე შეგიძლია მისდიო მას.
იკიგაის მისაღწევად არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ერთმანეთთან კომუნიკაციაა. Hara Hachi Bu - ნიშნავს მიირთვი სადილის 80%, უძველესი პრაქტიკაა კუნძულ ოკინავას მოსახლეობისთვის, რომლის 3, 000 მაცხოვრებელიც 100 წელს აჭარბებს. საერთო ინტერესებსა და ჰობის ე.წ. Moai-ის გაერთიანებაში გაწევრიანებული ადამიანები სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებებით უზიარებენ ერთმანეთს.
წიგნის Ikigai: The Japanese Secret to a Long and Happy Life ავტორები იკიგაის პოვნის გზებს შემდეგ მოკლე რჩევებად აყალიბებენ:
*იყავი აქტიური
*შეეცადე აირიდო შფოთის განცდა ყოველდღიურობაში
*იკვებე ზომიერად და მიირთვი ულუფის 2/3
*ივარჯიშე ყოველდღიურად *გაიღიმე და იყავი მადლიერი *დაუახლოვდი ბუნებას
*იცხოვრე აწმყოში
*იცხოვრე ცნობისმოყვარეობით.
ავტორების ხედვით, თანამედროვე ცხოვრებაში წარმატების განმსაზღვრელი საყოველთაოდ აღიარებული სტერეოტიპები (ძალაუფლება, მატერიალური მხარე, პოპულარობა და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში გვაშორებს ჩვენს შინაგან ხმას, გვაუცხოებს საკუთარ ბუნებასთან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენდოთ საკუთარ ინტუიციას, აღმოვაჩინოთ უნიკალური ნიჭი და საყვარელ საქმიანობად ვაქციოთ ცხოვრების ბოლომდე.🙏