ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამო” ისრაელის “ჰაპოელ ბეერ შევას” დაუპირისპირდა, თუმცა ქართველებისთვის ეს თამაში წამგებიანი აღმოჩნდა და ისრაელის გუნდმა ბათუმის “დინამო” 3:0 დაამარცხა.
წაგების მიუხედავად, ეს თამაში განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, ბათუმის “დინამოს” 23 წლის ნახევარცმველი თორნიკე გაფრინდაშვილისთვის. ისრაელში სათამაშოდ წასული ახალგაზრდა ფეხბურთელი, მონატრებულ და ემიგრანტ დედას შეხვდა.
-შენი სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ, რომ ისრაელში დედა დაგხვედრია… რას გვეტყვი ვრცლად თქვენი შეხვედრის შესახებ?
-როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ ისრაელში მიწევდა ჩასვლა და იქ თამაში, ვერ აგიხსნით ისეთი გახარებული და ბედნიერი იყო. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა ჩემი ჩასვლის პერიოდი, რათა სასტუმროში მოსულიყო და ერთმანეთი გვენახა.
როცა დავინახე, ცრემლები ვერ შევიკავეთ ვერცერთმა. დედისთვის ყოველთვის რთულია იყო უცხო ქვეყანაში და შვილებს, ოჯახის წევრებს ვერ ნახულობდე. ცხოვრებაში რასაც წარმოვადგენ და ფეხბურთში თუ რამისთვის მიმიღწევია, ამაში დედაჩემს უდიდესი დამსახურება აქვს, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი.
ის 3 წელია ისრაელში მუშაობს, თუმცა უკანასკნელი 2 წელი საერთოდ არ მყავდა ნანახი. თამაშის წინ ამაზე დიდ მოტივაციას ვერაფრით მივიღებდი.
წყარო აჭარასპორტი
#ახალიამბები