სხვების სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან პლაზმის აღება იწყება- ინფექციური საავადმყოფოს

0
კორონავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდი შესაძლოა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს. უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტისგან, მას შემდეგ, რაც დამატებით გაივლის 2-კვირიან თვითიზოლაციის პროცესს, აიღებენ სისხლს, რომლელიც შესაძლოა განკურნებაში დაეხმაროს სხვა ინფიცირებულებს. რამდენიმე დღის წინ, ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება უკვე დაავადებულ ადამიანს გამოადგეს. ამასთან დაკავშირებით, ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. პარალელურად, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს. „ა.წ. 24 მარტს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (US FDA) განიხილა შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას COVID-19-ით კონვალესცენტის (ახლად გამოჯანმრთელებული პირის) პლაზმა COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამასთან, თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს FDA-სთან. ამ გადაწყვეტილებით FDA-მ „მწვანე შუქი“ აუნთო ამ საკითხზე კვლევების დაწყებას. ამასთან, ამ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია მთელი რიგი პირობები და შეზღუდვები, რომელთა მკაცრად შესრულება სავალდებულოა. თავად ეს მეთოდი პრინციპულად ახალი არ არის და იგი ადრე მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენებოდა რიგი მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადებების: ებოლას ცხელება, SARS, MERS, H1N1 გრიპი და სხვ. სამკურნალოდ. ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა სამკურნალო პირდაპირი მოქმედების ანტიმიკრობული მედიკამენტები არ არსებობს. რამდენადაც საქართველოში უკვე გვყავს COVID-19-სგან პირველი გამოჯანმრთელებული ავადმყოფები – სულ 18 პირი, აგრეთვე, გვყავს და მომავალშიც გვეყოლება კრიტიკულად მძიმე პაციენტები, ეს მეთოდი შესაძლოა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების (რომელიც შეიცავს რიგ რთულ და მაღალტექნოლოგიურ პროცედურებს) შემდეგ გამოყენებულ იქნეს ჩვენს ქვეყანაშიც. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა უკვე დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. შედგა შეხვედრა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც ფლობს აღნიშნული პროდუქტის (კონვალესცენტების პლაზმის) დამზადებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიებს. ცენტრი გააგრძელებს კონსულტაციებს და თანამშრომლობას აღნიშნულ საკითხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მსოფლიოს, მთელი პლანეტის მასშტაბით COVID-19-ით 723 846 ადამიანი დაავადდა, მათ შორის 34 042 გარდაიცვალა, 159 480 კი გამოჯანმრთელდა.
0