ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა ონკოლოგიურ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში, ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, არ არის.
„ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტი არანაირი განსაკუთრებული რისკის წინაშე არ არის, თუ ის კონტროლის ქვეშაა და იცავს ყველა წესს, რაც ზოგადადაა გაცემული. პაციენტს, რომელსაც აღენიშნება იმუნიტეტის დასუსტება არის რისკის ქვეშ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტი, მაგალითად დიაბეტის დროს. დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანში კორონავირუსის განვითარების შემთხვევაში უფრო სერიოზული ფორმების მიღების რისკი მომატებულია. ასეთი პაციენტები არიან ონკოლოგიური პაციენტები, რომლებთაც აქვთ მაგალითად ძვლის ტვინის გადანერგვა, ასევე გარკვეულწილად იმუნიტეტის დასუსტებას იწვევს აქტიური ქიმიოთერაპია, თუმცა ყველა შემთხვევაში არის რეკომენდაციები, რომ ამ პირობებშიც კი, ონკოლოგიურმა პაციენტებმა მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.
მისივე თქმით, რეკომენდაციაა, რომ ონლაინ გაკეთდეს კონსულტაციები პაციენტებთან.
„ონკოლოგიური პაციენტების ძირითადი რეკომენდაციებია, რომ ეცადონ იმუნიტეტი ჰქონდეთ შესაბამის დონეზე, რაც მაქსიმალურდ შესაძლებელია მიღწეული იყოს სწორი მკურნალობით. მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტი, გარდა იმ აუცილებლობისა, რაც არის უშუალოდ მკურნალობით გამოწვეული. მაქსიმალურად ჩაიტარონ კონსულტაცია იმ ექიმთან, ვისი მეთვალყურეობის ქვეშაც არიან და ამისთვის, კლინიკაში მისვლა აუცილებელი არ არის. რეკომენდაციაა, რომ ონლაინ გაკეთდეს კონსულტაციები პაციენტებთან“, – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.