ბოჭორიშვილის კლინიკაში ექიმის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140195 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აღნიშნული კლინიკის ექიმი კორონავირუსით არის ინფიცირებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პროფესიით ექიმი პაციენტი ბოჭორიშვილის საავადმყოფოში არ წევს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ კლინიკაში მყოფ 7 პაციენტს ტესტირება გუშინ ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია, ხოლო ორ პაციენტს დღეს ჩაუტარდება, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. კლინიკაში აცხადებენ, რომ იმ პირებს შორის, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, არცერთი პირი ექიმი არ არის. „ჩვენთან 7 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. დღეს ტესტირება ჩაუტარდა 2 პაციენტს და შესაბამისად, ახალი ინფორმაცია გვექნება დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით. ლოგიკაში ვერ ჯდება, რომ ეს ინფორმაცია დადასტურებული იყოს. ფაქტია, ამას ვერ დავმალავთ. არც იმ შვიდი პირიდან, ვისაც გუშინ გაუკეთეს ტესტირება და არც იმ ორი პაციენტიდან, რომელსაც დღეს აუღეს ანალიზი, არცერთი მათგანი ექიმი არ არის. შესაბამისად, ექიმის შემთხვევაში არაფერი მსგავსი არ დადასტურებულა. ჩვენს კლინიკაში ექიმი პაციენტი არ წევს. ჩვენს კლინიკაში წევს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი, ოთხი მათგანი არიან ერთი ოჯახის წევრები, ამერიკის კლასტერი და მეხუთე არის ბავშვი, “ - აცხადებენ კლინიკაში. არაოფიციალური ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკის ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა, მეორე ექიმთან მიმართებაში კი ეჭვი არსებობს. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ამ წუთებში ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელობა თათბირს მართავს, თანამშრომლები კი კონკრეტულ დირექტივებს თათბირის დასრულების შემდეგ ელოდებიან.
0