კარანტინი ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის, რომელიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს არანაკლებ საშიშია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140249 კარანტინის პირობებში ყოფნა ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის, რომელიც წლებია, ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, არანაკლებ საფრთხის შემცველია - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა. "პანდემიასთან ბრძოლის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ფემიციდის გაზრდილი შემთხვევების გათვალისწინებით, კარანტინის პირობებში ყოფნა ბევრი ქალისთვის და ბავშვისთვის, რომელიც წლებია, ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, არანაკლებ საფრთხის შემცველია. მაშინ, როდესაც მოსახლეობისთვის დაწესებულია გადაადგილების და თავშეყრის არაერთი შეზღუდვა, ბევრმა ოჯახმა დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო და ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური ფონის გამო იზოლაციაში ყოფნა საკმაოდ დიდი რისკის შემცველი ხდება ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც წლებია, ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობას განიცდის. პანდემიის და კარანტინის პერიოდში მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში უკვე შეინიშნება ოჯახში ძალადობრივი ფაქტების ზრდა და განსაკუთრებული ზომებიც მიიღება პრობლემის პრიოროტეტულობიდან გამომდინარე. საქართველოშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ საფრთხის შესახებ აქტიურად დაიწყეს საუბარი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ საკითხს და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ განსახორციელებელი ღონისძიებები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადონ. საქართველოს მასშტაბით სპეციალურ თავშესაფრებში საკმარისი ადგილების არქონის გამო, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი სივრცეების გამოყოფა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, რეგიონების დონეზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე, სწორი კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება, რაც საგრძნობლად შეუწყობდა ხელს ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობას, დაცულობასა და პრობლემის დროულ აღმოფხვრას, " - განაცხადა დეა მეტრეველმა.
0