სახელმწიფო უსასყიდლოდ ხდება „ბორჯომის“ თანამფლობელი - პრემიერი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დასრულდა მოლაპარაკებები და საქართველოს მთავრობა უსასყიდლოდ მიიღებს „ბორჯომის“ აქციებს, აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი“, - თქვა ღარიბაშვილმა 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. პრემიერ-მინისტრი ბორჯომის თანამშრომლებს ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.  მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "IDS​ ბორჯომი საქართველოს" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა.  „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა 31 მაისს დაიწყო. მათი მოთხოვნებია: „გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა“; „ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება“; „ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა“; „კოლექტიური შეთანხმების გაფორმება“. https://www.radiotavisupleba.ge/a/31895854.html

Source: radiotavisupleba.ge