აუცილებლად წასაკითხი! რამდენად უსაფრთხოა დისტანციური შეკვეთით სახლში მიტანილი პროდუქტი?

0
კორონავირუსის პანდემიის ფონზე სპეციალისტების უპირველესი მოთხოვნაა სოციალური დისტანციის დაცვა, რაც სახლში დარჩენას გულისხმობს. თუმცა აქ თავს იჩენს ისეთი ყოველდღიური და აუცილებელი მოთხოვნა, როგორიც არის საკვები. არადა, მთელი რიგი მიზეზების გამო, არც სუპერმარკეტში წასვლაა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ სურსათის ბევრმა მაღაზიამ პროდუქტების დისტანციური შეკვეთისა და სახლში მიტანის სერვისი აამოქმედა. საინტერესოა რამდენად უსაფრთხოა მომსახურების ეს ფორმა? შეიცავს თუ არა საკვები ან მისი შეფუთვა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის საფრთხეს? და მაინც, თუ თავად მსურს სასურველი პროდუქტის ადგილზე შერჩევა, როგორ უნდა მოვიქცე და რა წესები დავიცვა? არის თუ არა საკვები პროდუქტი თავისთავად უსაფრთხო? აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლის, დოქტორ იან უილიამსის განმარტებით, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი საკვებით არ გადადის. როგორც მან ერთ-ერთ ვებინარზე განაცხადა, ეს არის რესპირატორული დაავადება და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანს საკვებიდან შეიძლება გადაეცეს. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმიანისტრაციამ კი თავის ვებგვერდზე განაცხადა, რომ COVID-19-ის საკვებით ან სურსათის შეფუთვით ადამიანზე გადაცემის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. თუმცა ვირუსის ბუნების გაშიფვრას ექსპერტები აქტიურად აგრძელებენ. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე სპეციალისტები პროდუქტებისა და მათი შეფუთვის მიმართ ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. სურსათი შეუკვეთეთ და კურიერმა სახლში მოგიტანათ. ეს უსაფრთხოა? ამერიკელი მეცნიერების შეფასებით, დაინფიცირების რისკი კიდევ უფრო მცირდება, თუ პროდუქტს ან მის შეფუთვას პირდაპირი კონტაქტის გარეშე მიიღებთ. კაროლინის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ბენჯამინ ჩეპმენი, რომელიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით პროფესორის ხარისხს ფლობს, აცხადებს, რომ საკვები ან მისი შეფუთვა შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ მისი გადაცემის რისკი ძალიან დაბალია. ამერიკელი მეცნიერის განმარტებით, ამის ალბათობა, ფაქტობრივად, მილიონში ერთია. მისი თქმით, ინფიცირების რისკი იზრდება, როდესაც მომუშავე პერსონალი საკვებს დაბინძურებული ხელით ანაწილებს. ამერიკელი მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ თქვენ ვირუსის შემცველი საკვებიც რომ მიიღოთ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არც ისე ბევრი რეცეპტორია, რომლებზეც მოჭიდება ვირუსს შეუძლია. ამიტომაც ვირუსის გადაყლაპვა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ დაინფიცირდებით. მიუხედავად დაბალი რისკისა, ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ექსპერტები მათ ნებისმიერი შეფუთვის შეხებისას ხელთათმანების გამოყენებას ურჩევენ. მიკრობული რისკების სპეციალისტი დონ შაფნერი აცხადებს, რომ საკვებს გარეთა შეფუთვა უნდა მოშორდეს, ამის შემდეგ კი ხელთათმანები გადაყარეთ და ხელები კარგად დაიბანეთ. და თუ მაინც და მაინც მაღაზიაში წასვლა გინდათ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს თქვენთვის დახურულ სივრცეში მყოფი ადამიანები წარმოადგენენ და ამიტომაც მათგან, სულ ცოტა, 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია. განსაკუთრებით ერიდეთ მათ, ვინც ახველებს, აცემინებს ან ავადმყოფურად გამოიყურება. რომელი დროა ყველაზე ოპტიმალური სუპერმარკეტში წასასვლელად? სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში ყველაზე გადატვირთული პერიოდია 15.00-დან 21.00-მდე. მეტ-ნაკლები სიხალვათე იგრძნობა დილის საათებში (09.00-მდე) და ღამე (23.00-ის მერე). როგორ უნდა ჩაიცვათ? ქუჩაში გასასვლელად უნდა შეარჩიოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მტვერს ნაკლებად იკრავს. სასურველია, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მისი სველი ქსოვილით დამუშავება შეძლოთ. თუ ეს ვერ ხერხდება, უმჯობესია, გარეცხოთ. ამ ყველაფრის მერე არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა და რაც ყველაზე მთავარია, უმჯობესია თმა მთლიანად დაიფაროთ ქუდით, კაპიუშონით და სხვ. უნდა გაიკეთოთ თუ არა ნიღაბი? რაც შეეხება ინდივიდუალურ დაცვას, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სამედიცინო ნიღაბი ნაკლებად ეფექტიანია. თუმცა ფიზიოლოგიური ბარიერის შექმნა ზედმეტი არ იქნება. თუ ვერ იყიდეთ, ნიღაბი თავადაც შეგიძლიათ შეიკეროთ. რა პროდუქტები უნდა მოიმარაგოთ? ასაწონი პროდუქტები შეგიძლიათ იყიდოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თერმულ დამუშავებას ექვემდებარება (ხორცი, ზღვის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები). სხვა შემთხვევაში კი სასურველია, რომ შეფუთული სურსათი შეიძინოთ. იმისათვის, რომ მაღაზიაში ხშირად გასვლა არ მოგიწიოთ, შეგიძლიათ მოიმარაგოთ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ბურღულეული (წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი), მაკარონი, კონსერვები, ყავა და ჩაი, კარტოფილი, მარილი და შაქარი, მაიონეზი და სხვ. აუცილებელია დააკვირდეთ ვარგისიანობის ვადას. სასურველია, პლასტიკური ბარათით გადახდა, რადგან ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაბრუნებული ხურდა, შესაძლოა, ვირუსის დამატებითი წყარო იყოს. სახლში დაბრუნების შემდეგ კი აუცილებელია სახისა და ხელების დაბანა, ტანსაცმელი კი გარეცხეთ.
0