როგორია ცხოვრება ხულოს სოფელში,სადაც 20 ტონამდე კენკრა მოჰყავთ?

Batumi Daily

როგორ შეცვალა აჭარის მაღალმთიანეთის სოფელში მთლიანად სოფლის მეურნეობის ხედვა ერთმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ამერიკული კალმახის აუზები ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და როგორ გაუჩნდა მამულების და ფერმის პატრონს საკუთარი, ძვირადღირებული ტრაქტორი, რომელიც მთელი სოფლისთვის შვებაა ხვნა-თესვის, მოსავლის აღების თუ ცელვა-თიბვის დროს – ამ ამბების შესახებ აჭარის მაღალმთაინეთში გვითხრეს. იცოდით, რომ კარტოფილის მოყვანა ხულოს რეგიონისთვის არცთუ ხელსაყრელი საქმეა? გურამ ძირკვაძის მონათხრობი, რომელიც თვითნასწავლი აგრონომია, ამაში დაგარწმუნებთ. მან შეძლო და საკუთარი სოფლის, დიოკნისის მცხოვრებლები დაარწმუნა, რომ ჟოლოს მეურნეობა გაცილებით მომგებიანი და მსუბუქი საქმეა, ვიდრე კარტოფილის მოყვანა. „აჭარა მცირემიწიანი მხარეა, კარტოფილი ვრცელ ველებზე ითესება, აქ კი თითო მოსახლეს მაქსიმუმ მიწის 2000 – 2500 მ/კვ ფართობი აქვს. კარტოფილის მოყვანას აქ აზრი არ აქვს. იაფფასიანი პროდუქტია, მიწას ფიტავს და ეროზიას იწვევს, ხშირი რწყვა სჭირდება. ჟოლოს და მაყვლის ბაღი კი მცირე ტერიტორიაზეც შეიძლება გაძლევდეს უხვ მოსავალს, მიწასაც არ ფიტავს და ფუტკრებსაც ეხმარება – ძალიან მოსწონთ ფუტკრებს კენკრა – როგორც ნაყოფი, ასევე ყვავილი.„კენკროვანები, მევენახეობა და კურკოვანები – ასე გვესახება სოფელ დიოკნისის სამეურნეო საქმიანობა სამომავლოდ“, – ამბობს თვითნასწავლი აგრონომი. @ შვიდი წლის წინ, როცა გურამ ძირკვაძემ ჟოლოს პირველი ბაღი გააშენა სოფელში, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მხოლოდ მას ჰქონოდა ეს კულტურა. გადაწყვიტა მთელი სოფლისთვის მიეცა ნერგები. 17 ათასამდე ნერგი თანასოფლელებს ავანსად მისცა და ყველას უთხრა, რომ თანხის დაბრუნება შეეძლოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსავალს მიიღებდნენ. თანასოფლელების ბაღში მოყვანილი ჟოლოს რეალიზაციას თავად ეწევა. გურამ ძირკვაძემ ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი მანქანა გადაეცა, რითაც მარტივად დააქვს ბათუმში დიდი რაოდენობით კენკრა და აბარებს.დღეს სოფელ დიოკნისში ჟოლო უკვე 3 ჰექტარზე აქვს მოსახლეობას გაშენებული, შარშან 7, 8 ტონა, წელს კი აქაურებმა უკვე 4 ტონა ჟოლო გაყიდეს. სეზონის დასასრულამდე ელიან, რომ ჯამში მინიმუმ 20-მდე ტონა ჟოლოს გაყიდიან. კენკროვანების მეურნეობამ სოფელ დიოკნისში ერთმანეთს 48 ოჯახი დააკავშირა. სოფელში თითოეული ოჯახის შემოსავალი კენკროვანებისგან 5-დან 10 ათასამდე ლარია ყოველწლიურად. მეურნე გურამ ძირკვაძე ამბობს, რომ მისი მიზანია სოფელში განავითაროს ჟოლოს უსასუქო, ბიომეურნეობა, რაც საბოლოოდ ევროკავშირის ბაზარზეც უნდა აღმოჩნდეს. გარდა კენკროვანებისა, გურამ ძირკვაძემ 15-მდე უცხო ჯიშის ვაზი გაახარა სოფელში. მათგან 12 სასუფრე ჯიშისაა, დანარჩენი – საღვინე, მათ შორის: ოჯალეში, შარდონე, ჩხავერი, ჯვარი, საბას მარგალიტი, ბლექ მეჯიკი, კარდინალი, ორა, პრიმა და სხვა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #სოფლისმეურნეობა #სოფელი #batumidaily წყარო - #ბიზნესი #ახალიამბები